2020 წელს, საქართველოში, კიბოს დიაგნოზით 8024 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის საიტზეა განთავსებული.
სტატისტიკის თანახმად, 2015-2020 წლებში დაავადების I და II სტადიებზე რეგისტრირებულია კიბოს ახალი შემთხვევების 41.6%; III და IV სტადიებზე რეგისტრირებული დაავადებების წილი კვლავ მაღალია და 41.4%-ს შეადგენს.
ამასთან, ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელი კიბოს ყველა ლოკალიზაციისთვის საერთაშორისო მაჩვენებლებთან შედარებით საქართველოში დაბალია: 2016-2020 წლებში ყველა ლოკალიზაციის კიბოსთვის ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელმა 55.7% შეადგინა.
2020 წლის მაჩვენებლით, ქალებში რეგისტრირებული ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების 5 ყველაზე მაღალი ავადობის მქონე ლოკალიზაცია ასეთია: სარძევე ჯირკვალი (შემთხვევების 29%), ფარისებრი ჯირკვალი (13%), კოლორექტული (6%), საშვილოსნოს ტანი, საშვილოსნოს ყელი.
კაცებში კი კიბოს წარმოქმნის ყველაზე ხშირი ლოკალიზაციებია: ტრაქეა, ბრონქი, ფილტვი (13%), წინამდებარე ჯირკვალი (12%), შარდის ბუშტი, კოლორექტული, ხორხი.
ყოველწლიურად კიბოს დიაგნოზს ქვეყანაში 10 ათასამდე ადამიანს უსვამენ.