საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სკოლების მხოლოდ 572 პერსონალია აცრილი. ინფორმაცია საიტ vaccines.ncdc.ge-ზეა განთავსებული (უახლესი განახლება 18 ივლისით თარიღდება).
პრიორიტეტულ ჯგუფებს შორის სკოლის პერსონალი, ვაქცინაციის მოცვით, ბოლო ადგილზეა – აცრილ მოსახლეობას შორის სკოლის წარმომადგენლების წილი 0,1 პროცენტს შეადგენს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სწავლის დაწყებამდე ყველა მასწავლებელი ორჯერადად უნდა იყოს აცრილი.
მისი თქმით, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები უნივერსიტეტებთან, რომ ყველა სტუდენტი და უნივერსიტეტის თანამშრომელი იყოს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ორჯერადად აცრილი. „თუ არ აიცრებიან, იქნებიან ისევ დისტანციურ სწავლებაზე“ – აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი თქმით, პრინციპი, რომ სხვადასხვა კონფერენციებსა და ტრენინგებში, მხოლოდ ორჯერ აცრილი პირები უნდა მონაწილეობდნენ, უნდა გავრცელდეს საბავშვო ბაღებზეც. რამდენი აღმზრდელი და ზოგადად, თანამშრომელია აცრილი ბაღებში, ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არსებობს.
ახალი სასწავლო წლის დაწყება 15 სექტემბრიდან იგეგმება. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ ნაჩუქარი „ფაიზერის“ ვაქცინით აცრები საქართველოში დღეიდან დაიწყო. აღნიშნულ პრეპარატზე მოთხოვნა მაღალია და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს იმედი აქვს, რომ ვაქცინაციის მომდევნო ეტაპზე აცრილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.