15 მარტის შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყო, კოვიდ-ინფექციით 1668 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 1664 არ იყო ვაქცინირებული. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა და დააზუსტა, რომ ორჯერ აცრილებში სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა.
მისივე თქმით, ერთჯერადი აცრილთა შორის ინფიცირების მაჩვენებელი 0,8%-ია, ორჯერადი აცრის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 0,3%-ია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში დელტა შტამის დადასტურების 52 შემთხვევაა გამოვლენილი. 5 საეჭვო შემთხვევაზე კი კვლევა მიმდინარეობს.
ამირან გამყრელიძის თქმით, ძალიან საყურადღებოა დიმანიკა, რომელიც ბოლო 10 დღეა ფიქსირდება, კერძოდ იზრდება ინფიცირების მაჩვენებელი და დადებოთობა როგორც 7 დღის, ისე 14-დღიან ჭრილში. ამასთან, მისივე განცხადებით, კარგია, რომ მცირდება სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი.
ამირან გამყრელიძის თქმით, ასტრაზენეკას 43 ათასი დოზა ქვეყანაში, „დიდი ალბათობით“, ერთი კვირის განმავლობაში უნდა შემოვიდეს. „ფაიზერის“ საწყისი დოზები კი, მისივე განმარტებით, ქვეყანაში ივლისის მეორე ნახევარში იქნება.