მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » კოვიდპაციენტების არამიზნობრივ ჰოსპიტალიზაციაზე რეაგირება მოხდება – მინისტრის განმარტება

კოვიდპაციენტების არამიზნობრივ ჰოსპიტალიზაციაზე რეაგირება მოხდება – მინისტრის განმარტება

კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების პროცესში გათვალისწინებული იქნება ის, თუ რამდენად მიზნობრივი იყო კოვიდ-პაციენტების ჰოსპიტალიზაცია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კოვიდპაციენტების ჰოსპიტალიზაციის მაღალ მაჩვენებელს  შეეხებოდა.

„ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ მონიტორინგს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიზნობრივია ჰოსპიტალიზაცია. დღესდღეობით ეს არის კონტროლის ქვეშ და არ ხდება 30%-ზე მეტი მოქალაქის ჰოსპიტალიზაცია, რაც რეალურად ნორმის ფარგლებში მაინც ჯდება. არის ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, რომლებიც შემუშავდა პანდემიის დაწყებისთანავე  და შემდეგ რამდენიმე ეტაპზე მათ სახეცვლილება განიცადეს, რათა უფრო მიზნობრივი ყოფილიყო. ჩვენი ექიმები, რომლებიც კლინიკებში არიან, ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ეს კრიტერიუმები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანაზღაურების კომპონენტში გათვალისწინებული იქნება თუ რამდენად მიზნობრივი იყო ჰოსპიტალიზაცია და შემდეგ უკვე ანაზღაურების კომპონენტში მოხდება დამატებითი რეაგირება,“ – განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, კლინიკებში მონიტორინგს ახორციელებს კლინიკური ჯგუფი და ეს ინფორმაცია მუდმივად განახლებადია, არის მუდმივი კომუნიკაცია კლინიკების ხელმძღვანელებთან, რათა პაციენტების მართვა ეფექტიანი იყოს.

უახლესი მონაცემებით, საქართველოში ამ ეტაპზე 9,456 კოვიდინფიცირებულია. მათი 29% კლინიკებში მკურნალობს, სასტუმროში კი 6,6% იმყოფება. დანარჩენ პაციენტებს ოჯახის ექიმები, ბინაზე მართავენ.  სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაღალია და ეს სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივ ხარჯვას იწვევს.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …