2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოში კოვიდ-19-ით იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე მთელი გასული წლის განმავლობაში.
საქსტატის მონაცემებით, COVID-19 შარშან 2 587 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა, რაც ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევების 5.1%-ია. 2021 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით კი ამ მიზეზით უკვე 2729 ადამიანია გარდაცვლილი.
ახალი კორონავირუსისგან პირველი პაციენტი საქართველოში გასული წლის 4 აპრილს გარდაიცვალა, გარდაცვალების მაქსიმალური დღიური მაჩვენებელი 19 დეკემბერს დაფიქსირდა, როდესაც ინფექციას 53 ადამიანი ემსხვერპლა.
საქართველოში, სიკვდილიანობა დადასტურებული შემთხვევების 1,4%-ია. მსოფლიოში ეს მაჩვენებელი 1,5-დან 2,5%-მდეა. სპეციალისტების განმარტებით, ვაქცინირებულ მოსახლეობაში გარდაცვალების მაჩვენებელი 0,0007%-მდე მცირდება. შესაბამისად, სპეციალისტების შეფასებით, თუ წელს მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა მოხერხდება, მომავალი წლიდან კოვიდ-19-ით გარდაცვალების სტატისტიკა უნდა გაუმჯობესდეს.
ამ ეტაპზე ქვეყანაში 261,652 ადამიანია აცრილი, მათ შორის ორჯერადად 100,072. თუმცა აცრილთა ნახევარი 18-დან 54 წლამდე პირია, სიკვდილიანობის შესამცირებლად კი პრიორიტეტული ხანდაზმულთა ვაქცინაციაა.