ვმუშაობთ მოლებთან, რათა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეიქმნას დამატებითი ამცრელი კაბინეტები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, მასობრივი ვაქცინაციის დაწყებისას, აცრები ჩატარდება კვირაში შვიდი დღე, ამცრელი კაბინეტები კი იმუშავებს სულ ცოტა რვა საათის განმავლობაში.
„დღეს ჩატარდა ვაქცინაციის პროგრამაში ჩართული კლინიკების შეხვედრა, როგორც თბილისის ასევე რეგიონების, რათა მიმოგვეხილა მასობრივი ვაქცინაციისთვის მზაობა. დღეს პროგრამაში ჩართულია 290-მდე ბრიგადა, თითოეული ბრიგადის შესაძლებლობა დღის განმავლობაში არის 60 აცრის ჩატარება. ზოგიერთი ბრიგადა ახერხებს დღის განმავლობაში 90-მდე გაზარდოს აცრების რაოდენობა. დღეს შევთანხმდით მაქსიმალური რეჟიმის ამოქმედებაზე, რაც ნიშნავს, რომ აცრები ჩატარდება კვირაში შვიდი დღის განმავლობაში, ამცრელი კაბინეტები სულ მცირე რვასაათიანი დატვირთვით იმუშავებს. ზოგიერთი კლინიკა უკვე გადასულია ორ ცვლაზე, რაც 12-საათიან რეჟიმს ითვალისწინებს. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მოქალაქეებისთვის ადვილი იყოს აცრის ჩასატარებლად მისვლა როგორც სამუშაო, ასევე დასვენების დღეებში.
იგეგმება ასევე დამატებითი სივრცეების მოწყობა სამედიცინო დაწესებულებების გარეთ. ერთი ასეთი სივრცე უკვე მოქმედებს „ჰუალინგის“ კომპლექსში და ახლა ვმუშაობთ მოლებთან, რათა შეიქმნას დამატებითი კაბინეტები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, კვალიფიციური სამედიცინო მეთვალყურეობის პირობებში ჩაიტარონ ვაქცინაცია. ვფიქრობთ, აქტივობა იქნება მაღალი. თითოეულ ამ კლინიკას აქვს გაფართოების შესაძლებლობა იმგვარად, რომ თვის განმავლობაში ჩვენ სულ მცირე ნახევარ მილიონ აცრას ჩავატარებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.