მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ხათუნა ზახაშვილი საქართველოში კორონავირუსის „ინდური შტამის“ სწრაფად გავრცელების საფრთხეს ვერ ხედავს

ხათუნა ზახაშვილი საქართველოში კორონავირუსის „ინდური შტამის“ სწრაფად გავრცელების საფრთხეს ვერ ხედავს

ჯერჯერობით საქართველოში „დელტა“ (ე.წ. ინდური) შტამის სწრაფი გავრცელების საფრთხე არ ჩანს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ქვეყანაში ამ ვერსიის ფართოდ გავრცელება არ გვაქვს და სწორედ ეს იძლევა იმის იმედს, რომ კორონავირუსის ეს ვარიანტი სწრაფად არ გავრცელდება.

ზახაშვილის თქმით, ქვეყნები ვარაუდობენ, რომ მომავალი კვირების, ზოგი ქვეყნისთვის კი თვის შემდეგ ეს ვირუსი დომინანტური გახდება, რასაც თანმდევი ჰოსპიტალიზაცია და ლეტალობის შემთხვევების მატება მოჰყვება, მაგრამ მეორეს მხრივ, ვაქცინებზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობა ჩნდება.

„თუ  სხვა ქვეყნების ანალოგებს გავყვებით, ალფა შტამის დელტა შტამით ჩანაცვლებას უნდა დასჭირდეს რამდენიმე თვე, ერთი თვე მაინც. სხვა ქვეყნების ანალოგები აჩვენებს, რომ ეს შტამი აუცილებლად გახდება დომინანტი და ჩვენთანაც ალბათ იცირკულირებს დელტა-ვარიანტი,“ – განაცხადა ეპიდემიოლოგმა.

მისივე თქმით, საქართველოში დაფიქსირდა აღნიშნული შტამის ერთეული შემთხვევები და

მცირე ოჯახური გავრცელება, თუმცა ამას ჯერჯერობით ფართო მასშტაბები არ აქვს.

ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, ვირუსი მუტაციას განიცდის, რათა ვაქცინაციით ან ბუნებრივად ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს გაუსხლტეს, თუმცა, მისივე თქმით, ცნობილია, რომ დელტა ვერსიის მიმართ ეფექტურია მესინჯერული და ვექტორული ვაქცინები  ანუ „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“. რაც  შეეხება ე.წ. ინაქტივირებულ ვაქცინებს, რომელთა ეფექტურობა „დელტა ვარიანტის“ მიმართ ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, ზახაშვილის თქმით, კვლევების შედეგი არ ვიცით, მაგრამ დაკვირვებების საფუძველზე შესაძლოა ვიფიქროთ, რომ „დელტა შტამის“ მიმართ ეს ვაქცინებიც ეფექტიანი იქნება. საუბარია მათ შორის „სინოვაკსა“ და „სინოფარმზე.“

„საერთაშორისო ექსპერტები აღიარებენ, რომ რომ დელტას, ისევე როგორც სხვა ვარიანტების შეკავებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. რაც უფრო მეტი ადამიანი გვეყოლება აცრილი, შევაკავებთ არსებული ვარიანტების გავრცელებას და ხელს შევუშლით ახალი ვარიანტების ჩამოყალიბებასაც,“ – განაცხადა ეპიდემიოლოგმა.

ხათუნა ზახაშვილი ვაქცინების დეფიციტზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ დროისათვის ქვეყანას ვაქცინების ძალიან შეზღუდული მარაგები აქვს და სავარაუდოდ 1-2 კვირაში ეს მწვავე დეფიციტი უნდა აღმოიფხვრება, რის შემდეგაც ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაცია უნდა დაიწყოს.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …