ალერგოლოგ-იმუნოლოვი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა მოქალაქეებს თავშეყრისკენ უბიძგებს, რაც მისი თქმით, ვირუსის გავრცელების რისკს ქმნის.
კულუმბეგოვმა კომენტარი გააკეთა სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა პირველი ივლისიდან იხსნება.
„კომენდანტის საათის“ მოხსნა არავაქცინირებულ საზოგადოებაში ადამიანებს თავშეყრისკენ უბიძგებს. ამას ვამბობდით, ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკა ეს იყო, რომ ადამიანები მიდრეკილი არიან ქეიფისკენ, ერთად შეკრებებისკენ და ახლა პირიქით, ამით მათ გავუხსენით ხელ-ფეხი. ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში დაიწყებენ ჯგუფურად დროის გატარებას, რაც ქმნის ვირუსის გავრცელების დიდ რისკს, ამ დელტა და სხვა ახალი შტამებიდან გამომდინარე. როცა ადამიანების უზარმაზარი სეგმენტი ქვეყანაში აუცრელი გვყავს, ეს რისკის მატარებელია“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
კულუმბეგოვი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებს.
მისი თქმით, ისურვებდა, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლება მხოლოდ ვაქცინირებული მოქალაქეებს შეხებოდა.
„შეზღუდვების შემსუბუქება არ მიმაჩნია გამართლებულად ერთი გამონაკლისის გარდა – ეს არის პირბადის ღია სივრცეში ტარების აუცილებლობა. ღია სივრცეში დისტანციის პროცესი დაცულია და პრობლემა არ არის, თუმცა, სურვილს ვიტოვებდი, რომ ვაქცინაციის პროცესი გააქტიურებულიყო და თუნდაც ეს კომპონენტი ჩვენ კი არ გაგვეთანაბრებინა, არამედ ვაქცინირებული ადამიანებისთვის წახალისების წყაროდ გამოგვეყენებინა, მათთვის შეგვემსუბუქებინა ეს, რომ სხვებსაც ინტერესი გასჩენოდათ. ეს გამოვიცალეთ საკუთარი ხელიდან. ადამიანები აცრილი არ გვყავს. მინდა, მოვუწოდო ყველას, როგორც სპეციალისტმა, რომ თუ გარშემო, სადაც არ უნდა იყოთ, ადამიანები არიან, პირბადე აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ისეთ ადგილებში არ წახვიდეთ, სადაც პირბადის გარეშე ბევრი ადამიანი იქნება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ასევე, ვიდრე ვაქცინირებული არ ხართ, მაქსიმალურად შეზღუდეთ კონტაქტები, შეზღუდეთ სტუმრად ყოფნა, ნაკლებად მიიღეთ სტუმრები. აუცილებელი თხოვნაა, რომ თუ ისეთ ადგილზეა ადამიანი უპირბადოდ ან არასწორად უკეთია პირბადე, გაჩერებაა ეს თუ ტრანსპორტი, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მივუთითოთ მას, რომ გაისწოროს, რადგან ამ ადგილებში ისევ არის პირბადის გამოყენების მოთხოვნა.
სამწუხაროდ, ვაქცინაციაზე გადის ეს პროცესი. ვაქცინაციის პროცესი არ არის ქვეყანაში იმ მასშტაბის, რაც ჩვენ გვინდა, მაგრამ იმედს ვიტოვებ და მინდა, მჯეროდეს პრემიერის სიტყვის, რომ ორი კვირის შემდგომ საქართველოში მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.