უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ბავშვები ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.
ამ ასაკის მოზარდების მიმართ ასევე უქმდება ვალდებულება, საზღვრის კვეთიდან მესამე დღეს „პისიარ“ კვლევა ჩაიტარონ.
აღნიშნულს ითვალისწინებს მთავრობის №322 დადეგენილებაში შესული ცვლილება, რომელიც საქართველოს მთავრობის 16 ივნისის დადგენილების შედეგად შევიდა ძალაში. ეს უკანასკნელი საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შედის ცვლილება და მისი მე-11 მუხლის 41 პუნქტს ემატება შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს „პისიარ“ კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან.“
გაზრდის თუ არა აღნიშნული რეგულაციის მოხსნა ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელს?
როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ jandacva.ge-ს განუცხადა, ეს ცვლილება ეპიდემიოლოგიური კუთხით მზარდ საფრთხეებთან არ არის დაკავშირებული, რადგან მთავარი არის ის, რომ უცხოეთის ქვეყნების დიდ ნაწილში მოსახლეობის საკმაო რაოდენობაა ვაქცინირებული და, შესაბამისად, საფრთხეები მინიმიზებულია. ამასთან, ენდელაძის განცხადებით, ბავშვის ინფიცირების შემთხვევაში მას ექნება გარკვეული სიმპტომები, რომელსაც მშობელი ან თანხმლები პირი მიაქცევს ყურადღებას.
„მთავარია, რომ უცხოეთის ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპები მაღალია. ინფექციის გავრცელებისთვის კი სწორედ ესაა გადამწყვეტი. ბავშვებისთვის პისიარ ტექსტის გაკეთების რეგულაციის მოხსნა არავითარ საფრთხეებთან არ არის დაკავშირებული,“ – განაცხადა ენდელაძემ.