საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კერძო კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება მომსახურების ხარისხის გაუარესებას და პაციენტების უფლებების შეზღუდვას გამოიწვევს. ამის შესახებ jandacva.ge-ს ილიაუნის მედიცინის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, ჯანდაცვის სპეციალისტმა ნინო მირზიკაშვილმა განუცხადა.
ჯანდაცვის სამინისტროს გეგმები, კარდიოქირურგიის და რეანიმაციული სერვისების შემდეგ ტარიფი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე, სხვა პროფილის კლინიკებისთვისაც გაათანაბროს, მირზიკაშვილმა ასე შეაფასა:
„როდესაც ადამიანს აქვს მატერიალური შესაძლებლობა, მიიღოს მისთვის სასურველი სერვისი და ამაში შესაბამისი თანხა გადაიხადოს, დაუშვებელია, სახელმწიფომ მას ამის უფლება წაართვას. ეს კერძო სექტორია და მის საფასო პოლიტიკაში ჩარევა გამოიწვევს იმას, რომ კლინიკა იძულებული გახდება, აქცენტი გააკეთოს უფრო იაფფასიან ტექნოლოგიებსა და სახარჯ მასალებზე, ასევე შეამციროს მედპერსონალის ანაზღაურება, რაც მომსახურების სერვისზე აისახება. ცხადია, ადამიანს, იქნება ის საგარეჯოში თუ თბილისში, უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ ხარისხიან სამედიცინო სერვისს მიიღებს, და ეს სტანდარტი ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, თუმცა ამავე დროს, მას უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება, მიმართოს მაღალანაზღაურებად კლინიკას, სადაც თანამედროვე აპარატურა და კომფორტული პირობები დახვდება, თუ არჩევანი დაბალფასიან მომსახურებაზე გააკეთოს. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ უკანასკნელის შემთხვევაშიც დაცული უნდა იყოს ხარისხის სტანდარტები. სწორედ ხარისხის უზრუნველყოფაა ჯანდაცვის სამინისტროს მოვალეობა. კლინიკას უნდა ჰქონდეს იმდენი შემოსავალი, რომ შეძლოს ტექნოლოგიური და სხვა მიმართულებით განვითარება, რაშიც სატარიფო შეზღუდვა ხელს შეუშლის და სექტორი დაზარალდება.“
520-ე დადგენილება, რომელიც სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოქირურგიულ და რეანიმაციულ სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს, ძალაში 2019 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა. სამინისტროს მიერ დაწესებულმა ტარიფებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
აღნიშნული ცვლილების განხორციელება სხვა სამედიცინო სერვისებზეც იგეგმება, თუმცა როდის და რა თანმიმდევრობით – ამ ეტაპზე უცნობია.
მიმდინარე წლის მარტში ამ თემაზე jandacvs.ge-სთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა: „სწორი ფასის დადგენა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფასებში არსებული უთანაბრობა და ხშირად გაუმართლებელი უთანაბრობა, აღმოიფხვრას და ჩვენ ვიცოდეთ, რა ფასად რა გამოსავალი შეგვიძლია მივიღოთ. რა თქმა უნდა, კომპრომისი არ იქნება ხარისხში, ხარისხის გაუმჯობესებისთვის სამინისტროს დაგეგმილი აქვს მთელი რიგი ინტერვენციები, რაც გაყვება ტარიფიკაციის პოლიტიკის განხორციელებას. რაც შეეხება სხვა სერვისებზე აღნიშნული პრინციპის გავრცელებას, მიმდინარეობს მუშაობა და როდესაც ვიქნებით მზად, შემდეგ ეტაპზე გადავალთ.“