Jandacva.ge-ს რამდენიმე პაციენტმა მიმართა, რომლებისთვისაც გაუგებარია, რატომ უწევთ ამა თუ იმ ოპერაციაში, მათ შორის ონკოლოგიურ ჩარევაში ტარიფის დიდი წილის გადახდა იმ დროს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ოპერაციის ღირებულების 80-90%-ს უფინანსებთ. როგოც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ამ შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო აფინანსებს მის მიერ დადგენილი ტარიფის პროცენტს. ყველა კერძო კლინიკას კი კონკრეტულ სერვისზე საკუთარი ტარიფი აქვს, რაც, შესაძლოა, მკვეთრად აღემატებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ ტარიფს. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებული პროცენტული წილი არ ნიშნავს კლინიკის ტარიფის შესაბამის წილს, და პაციენტს ამ ტარიფებს შორის არსებული სხვაობის დაფარვა საკუთარი სახსრებიდან უწევს.
მაგალითად, თუ სახელმწიფო ტარიფი კონკრეტულ ოპერაციაზე 1000 ლარია და პაციენტს საყოველთაო ჯანდაცვის მხრიდან 90%-იანი დაფარვა ეკუთვნის, სახელმწიფო უნაზღაურებს 900 ლარს და, შესაბამისად, მოქალაქეს 100 ლარის გადახდა უწევს. მაგრამ თუ კონკრეტულ კლინიკაში ეს ოპერაცია 1500 ლარი ღირს, პაციენტმა 600 ლარი უნდა გადაიხადოს.
მსგავსი პრაქტიკა აღარ მოქმედებს რეანიმაციასა და კარდიოქირურგიაში, სადაც სახელმწიფომ 520-ე დადგენილებით ტარიფები გაათანაბრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი და იგივე ოპერაციას ყველა კლინიკაში იდენტური ფასი აქვს. იგივე პრინციპის გავრცელება სხვა დარგებზეც იგეგმება.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტარიფები ისე განსაზღვრეს, რომ არც მომსახურების ხარისხი შემცირდეს და ამავდროულად, კლინიკას ჰქონდეს სათანადო მოგება როგორც ხელფასების გასტუმრების, ისე ინვესტიციების და განვითარების კუთხით.
მიმდინარე წლის მარტში ამ თემაზე jandacvs.ge-სთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა: „სწორი ფასის დადგენა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფასებში არსებული უთანაბრობა და ხშირად გაუმართლებელი უთანაბრობა, აღმოიფხვრას და ჩვენ ვიცოდეთ, რა ფასად რა გამოსავალი შეგვიძლია მივიღოთ.“
რაც შეეხება სხვა სერვისებზე აღნიშნული პრინციპის გავრცელებას, გაბუნიას თქმით, მიმდინარეობს მუშაობა და შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ რეფორმა მომდევნო ეტაპზე გადავა. თუმცა არც დარგები, რომლებსაც ეს ცვლილება მომდევნო ეტაპზე შეეხება, და არც ცვლილების განხორციელების ვადები არ სახელდება.