კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური რაოდენობა ისევ მკვეთრად გაიზარდა და 31 შეადგინა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი, ანუ ჩატარებული ტესტებიდან კოვიდ 19-ის დადასტურების წილი შემცირდა და 2,13% შეადგინა. კერძოდ, გასულ დღე-ღამეში დაინფიცირების 821 ფაქტი გამოვლინდა. ბოლო 14 დღეში დადებითობის მონაცემი 2,77%-ია, 7 დღეში კი 2,73%.
რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს, სულ აცრილია 184718, დღიურად აცრილია 5970. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 3210 პაციენტი იმყოფება.
ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში ერთერთ მთავარ გამოწვევად რჩება და მისი მიზეზების შესახებ არაერთი მოსაზრება ვრცელდება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, Საქართველო 100 000 მოსახლეზე კოვიდ 19-ით გარდაცვალების ჯამური რიცხვით მსოფლიოში 36-ე , ხოლო ყოველდღიური ლეტალობის მაჩვენებლით მე-13 ადგილზეა. გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებს ამ დრომდე სწავლობს კლინიკური აუდიტი, თუმცა როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, კლინიკებში პაციენტებისთვის არასათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევის ან ექიმების გადაცდომის ფაქტები არ გამოვლენილა.
“რთულია ვთქვათ, კონკრეტულად რა არის მიზეზი და რამდენად უკავშირდება ეს რეკომენდაციებიდან გადაცდომებს. ჯერჯერობით, რაც ჩატარდა კლინიკური შემთხვევების შესწავლა, ასეთი გადაცდომები, გარდა ადმინისტრაციული ხარვეზებისა – სადღაც იყო დოკუმენტაციის ხარვეზი – არ არის დაფიქსირებული. ვფიქრობ, მთავარი არის ეტიოტროპიული ანუ სპეციფიკური მკურნალობის არარსებობა,” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის პოზიცია კი ასეთია: “შეცდომები მართვაში, რომელმაც გამოიწვია სიკვდილი, არ ფიქსირდება. მაგრამ დასაშვებია, ერთერთი მიზეზი იყოს ის, რომ წელს სხვადასხვა შტამების ცირკულაციის გამო ადამიანები უფრო ადვილად მძიმდებოდნენ. ისევე როგორც მეორე მიზეზი – დაგვიანებული მიმართვიანობა ექიმებისადმი.”