მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ეპიდემიოლოგების დამატება და ციფრული ტექნოლოგიების გაძლიერება – საქართველო COVID-19-ის შემდგომი ტალღებისთვის ემზადება

ეპიდემიოლოგების დამატება და ციფრული ტექნოლოგიების გაძლიერება – საქართველო COVID-19-ის შემდგომი ტალღებისთვის ემზადება

2021 წლის ივნისიდან საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების გაძლიერება დაიწყება – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაშია ნათქვამი, რომლის სახელწოდებაცაა ,,ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების გაძლიერება და გადაუდებელი მზადყოფნა COVID-19 შემდგომი ტალღებისთვის“.

გეგმის თანახმად, მიზანია გაიზარდოს მუნიციპალური, რეგიონული და ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების როლი, ფუნქციები და იქ, სადაც ტერიტორიული გადანაწილების პრინციპებიდან გამომდინარე, არ არსებობს მსგავსი რეგიონული სამსახური, შეიქმნას სხვა რეგიონების ანალოგიურად.

გეგმაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების საშტატო ერთეულების რაოდენობის გაანგარიშება უნდა დაეფუძნოს გათვლებს, რაც დაეყრდნობა მუნიციპალიტეტის მუდმივად მაცხოვრებელი მოსახლეობის რაოდენობას, მოსახლეობის სიმჭიდროვისა და ჯანმრთელობის პროფილის გათვალისწინებით.

დოკუმენტის თანახმად, მინიმალური რაოდენობა განსაზღვრულია მუნიციპალიტეტებისათვის, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 25 ათასს, ხოლო მაქსიმალური რაოდენობა მუნიციპალიტეტებისათვის, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა არის 180 ათასი და მეტი.

შესაბამისად, გათვალისწინებულია თითოეულ მათგანში მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მინიმუმ 11 და მაქსიმუმ 20 თანამშრომლის მუდმივი საშტატო ერთეულის განსაზღვრა.

„მოკლევადიან პერსპექტივაში ქვეყნის ს/ჯ მუნიციპალურ ცენტრებში (61 ერთეული)  განხორციელდება 100-120 ახალი და სათადარიგო კადრის მომზადება შემთხვევების გამოვლენისა და კონტაქტების მიდევნებისთვის. საწყის ეტაპზე ისინი ჩართულები იქნებიან ახალი შემთხვევების გამოვლენაში, მიდევნებასა და მეთვალყურეობაში, გამოცდილი ეპიდემიოლოგების ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესაბამისი აკადემიური განათლების ქონისას,  საჭიროებისას ჩაერთვებიან  რუტინულ საქმიანობაში,“ – ნათქვამია გეგმაში.

დოკუმენტის თანახმად, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, უსიმპტომო შემთხვევების რაოდენობა 40%-მდე აღწევს[1]. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური  სამსახურის განახლება, რაოდენობის გაზრდა, რათა გაძლიერდეს არსებული სამუშაო ძალა და მოიზიდოს და დაემატოს ახალი კადრი.  საქართველოს მახასიათებლებიდან გამომდინარე, COVID-19-ზე რეაგირების გაუმჯობესების მიზნით, ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ სამსახურში უნდა იყოს უშუალოდ პანდემიის რეაგირებაზე დასაქმებული 148-259 კადრი.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ეპიდემიოლოგიური მიმართულებით მუშაობის გაუმჯობესებისთვის ჯანდაცვის სამინისტრო და დკსჯეც უზრუნველყოფენ ახალი ტექნოლოგიების და თანამედროვე ციფრული

აპლიკაციების გამოყენებას. ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებული ციფრული აპლიკაციების გამოყენებით ეპიდზედამხედველობის პროცესში, კონტაქტების მიდევნებისა და მეთვალყურეობისას, შესაძლებელია ადამიანური რესურსების დაზოგვა, ხარისხის გაუმჯობესება (მაგ. გადაღლილობის გამორიცხვის ხარჯზე) და დისტანციური კონტაქტით შესაძლო დაინფიცირების პრევენცია.

„ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა ვითარებამ წარმოაჩინა ჯანდაცვის სისტემაში ქმედითი ცვლილებების და რეორგანიზაციის საჭიროება, რათა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა გახდეს მეტად ორიენტირებული იმ მიმართულებებზე, რაც შესაძლებლობას მისცემს ეფექტური რეაგირება მოახდინოს არა მარტო მიმდინარე პანდემიაზე, არამედ სამომავლოდ იყოს უფრო მდგრადი, შეძლოს დროული და მიზნობრივი პასუხი და ესენციური ფუნქციები სრულდებოდეს დაბრკოლებების გარეშე. ხაზგასასმელია, რომ COVID-19-ის გამოცდილებამ აჩვენა, რაოდენ პრინციპულია ამ სამსახურში მუშაობდნენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, ქვეყნის ზოგადი განათლების საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად, რომელთა შორის იქნებიან ეპიდემიოლოგები, ჯანმრთელობის ხელშეწყობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის და სხვა სპეციალისტები,“ – ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ გეგმაში.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …