საქართველომ ისრაელში შექმნილი კოვიდ-საწინააღმდეგო პრეპარატის კლინიკურ კვლევებში ჩართვის საკითხის განხილვა დაიწყო.
საუბარია პრეპარატზე, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობამდე მყოფი პაციენტებისთვისაა განკუთვნილი.
სამედიცინო მკვლევარების განცხადებით მედიკამენტი ნოვატორულ ნაერთს წარმოადგენს და გამდიდრებულ CD24-ეზოსომებს ეფუძნება.
ეს საკითხი იყო განხილვის ერთერთი თემა ეკატერინე ტიკარაძისა და ისრაელიდან ჩამოსული სამედიცინო მკვლევარების შეხვედრაზე.
ტიკარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელსა და კოვიდ-19-ის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელს ნადირ არბერს შეხვდნენ.
„კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატთან დაკავშირებით გვსურს, რომ საქართველო, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყანა ისრაელის პარტნიორი იყოს. თქვენ ძალიან კარგი სამედიცინო პერსონალი გყავთ და გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტი ბევრ ადამიანს დაეხმარება“- განაცხადა თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელმა ნადირ არბერმა.
ისრაელიდან ჩამოსულმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრიც დაათვალიერეს.
ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ისრაელელ მეცნიერებთან შეხვედრაზე მხარეებმა კოვიდსაწინააღმდეგო სისტემების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს. რაც შეეხება ახალ მედიკამენტს, ცერცვაძის თქმით, ის ნადირ არბერის ხელმძღვანელობით მომუშავე ჯგუფის მიერ შეიქმნა და წინასწარი მონაცემებით ესაა პერსპექტიული მედიკამენტი, რომელიც საინჰალაციო ფორმით გამოიყენება და არ საჭიროებს ინტრავენურ ინექციებს. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, აღნიშნული მედიკამენტი არაა პირდაპირი ანტივირუსული პრეპარატი და გამოიყენება კოვიდის მეორე, ყველაზე რთული, იმუნური ფაზის სამკურნალოდ და ამ ეტაპზე განვითარებული ციტოკინური შტორმის წინააღმდეგ, რაც კოვიდის ერთერთი ყველაზე ხშირი და სასიკვდილო გართულება. „მთელი მსოფლიო ახლა იმ მედიკამენტის ძიებაშია, რომელიც ამ ფაზაზე იმოქმედებს,“ – განაცხადა ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა.
თბილისის ინფექციურ კლინიკაში განმარტავენ, რომ აღნიშნული მედიკამენტი ამჟამად კვლევების ეტაპზე იმყოფება და შეხვედრაზე საუბარი ამ კვლევებში საქართველოს ჩართვას შეეხებოდა. თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება, რამდენი პაციენტი და როდის ჩაერთვება მედიკამენტის კლინიკურ კვლევებში, ჯერჯერობით არ არის მიღებული.
აღნიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებით მსოფლიო მედია რამდენიმე თვეა წერს: ისრაელის გამოცემის www.timesofisrael.com-ის ინფორმაციით, 30-დან 29 პაციენტი, აღნიშნული მედიკამენტის მიღებიდან 3-5 დღეში ბინაზე გაეწერა. ეს ნიშნავს იმას, რომ კოვიდის გართულებულ სტადიაზე მყოფ უამრავ პაციენტს ახალი პრეპარატი სწრაფ გამოჯანმრთელებაში დაეხმარება. ექიმების განცხადებით, პრეპარატს პაციენტს 10 დღის განმავლობაში, დღეში ერთხელ ასუნთქებენ.
აღსანიშნავია, რომ საუბარია უშუალოდ კოვიდის წინააღმდეგ მიმართულ პრეპარატზე და არა ისეთ მედიკამენტზე, რომელიც მანამდე სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა.