საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, თარიღს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გამოაცხადებს.
ამასთან, როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, „სინოვაკის“ ვაცქინით 18 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან.
„„სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება. თარიღს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გამოაცხადებს. „სინოვაკი“ ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას. ექსპერტების შუალედური დასკვნა, რომლიც დადებითად ახასიათებს „სინოვაკის“ შედეგებს, უკვე გამოქვეყნებულია. ვფიქრობთ, ავტორიზაცია მალე იქნება, თუმცა იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური საჭიროებები სწრაფად იქნას მოცული, საჭიროა მოსახლეობას, ასევე ესენციურ ჯგუფებს ჰქონდეთ ვაქცინასთან ხელმისაწვდომობა. „სინოვაკით“ ვაქცინაცია უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება. მოცვა იქნება 18 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ „სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მომდევნო კვირას დაიწყება, თუმცა ზუსტ თარიღს გამოაცხადებენ.
„ქვეყანაში „სინოვაკის“ 100 000 დოზაა. ავტორიზებულია ადგილობრივი მარეგულირებლის მიერ, რაც განსაზღვრავს მედიკამენტის ბაზარზე დაშვებას გადაუდებელი საჭიროებისთვის. 20-ზე მეტ ქვეყანაშია რეგისტრირებული რიგ შემთხვევაში, გადაუდებელი გამოყენებისთვის, რიგ შემთხვევაში კი აქვს სრული რეგისტრაცია. ჩვენთან დასაშვებია გადაუდებელი გამოყენებისთვის, რაც იძლევა საშუალებას, რომ მოხდეს გამოყენება ყოველგვარი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე. რა თქმა უნდა, პაციენტი და მოქალაქე იქნება ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ამ კონკრეტულ ეტაპტზე „სინოვაკს“ არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, თუმცა აქვს გავლილი შუალედური შეფასება, ამის შესახებ არსებობს ექსპერტების ჯგუფის დადებითი დასკვნა. რეგისტრაციის დაწყებასთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას გამოვაცხადებთ, თუმცა ვფიქრობთ, მომდევნო კვირას არ გადაცილდება“, – აღნიშნა გაბუნიამ.
1tv.ge