18 წელს ზემოთ მოქალაქეები ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაციის გავლას დღეიდან შეძლებენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად გაფართოვდება.
„ძირითადი თემა იყო „სინოფარმი“. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის გაიხსნება 20:00 საათზე პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველია არაერთი კვლევაა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის „სინოფარმი“ უსაფრთხოა. 29 აპრილს გაიმართება დამატებითი სხდომა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, სადაც მიიღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებას „სინოფარმთან“ მიმართებით. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს არაერთ მტკიცებულებაზე დაყრდნობილი ინფორმაცია, სადაც „სინოფარმი“ არის უსაფრთხო და მილიონობით მოქალაქეს აქვს გამოყენებული ის”, – აცხადებს ტიკარაძე.
მისი თქმით, არსებობს არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა, რომლის თანახმადაც, 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის სინოფარმი არის უსაფრთხო ვაქცინა და შესაბამისად, საბჭო დაეყრდნო ამ საერთაშორისო გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, აცრის პუნქტების რაოდენობა იზრდება და ემატება 78 ცენტრი. უკვე გადამზადებულია 100-ზე მეტი ჯგუფი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაციას განახორციელებს და საერთო ჯამში, საქართველოში ამ ეტაპისთვის გაშლილი იქნება 138 ცენტრი, სადაც ვაქცინაციის პროცესი გაიმართება.
“საყოველთაო ვაქცინაცია ჯერჯერობით არ იწყება. ჩვენ კიდევ გვაქვს დამატებითი ნაბიჯები, რომელიც არის გადასადგმელი. ამ კვირაში კლინიკურ ჯგუფთან ერთად დამატებით შეიკრიბება კიდევ ვაქცინაციის საბჭო და გადაწყვეტილებას მიიღებს ასტრაზენეკასთან და იმ დამატებით ვაქცინებთან მიამრთებაშიც, რომლის მოლოდინი ქვეყანას გააჩნია, რაზეც დამატებითი ინფორმაცია მედიას მიეწოდება.
29 აპრილს გაიმართება დამატებითი სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში, სადაც მიიღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებას სინოფარმთან მიმართებაში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს არაერთი, მტკიცებულებაზე დაყრდნობითი ინფორმაცია, სადაც სინოფარმი არის უსაფრთხო და მილიონობით მოქალაქეს აქვს გამოყენებული სინოფარმი და ასევე ჩვენ ვემხრობით და ვეყრდნობით იმ მკაცრი მარეგულირებლების გადაწყვეტილებას, რომელ ქვეყნებშიც სინოფარმით ვაქცინაცია მიმდინარეობს,” – განაცხადა ტიკარაძემ.