ტურისტული დანიშნულების ობიექტების დიდ ნაწილში კოვიდ-უსაფრთხოების ზომები დარღვეულია და ბევრი ასეთი დაწესებულება ინფრასტრუქტურულად მზად არ არის ტურისტების გაზრდილი ნაკადის მისაღებად. ამის შესახებ jandacva.ge-ს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა.
მისი თქმით, დეპარტამენტმა სამ დღეში 400-მდე ობიექტი შეამოწმა. საუბარია ტურისტულად მოთხოვნად დაწესებულებებზე – სასტუმროებსა და კვების ობიექტებზე, რომელთა მონიტორინგის დროსაც ძირითადი აქცენტი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეგულაციების დაცვის შემოწმებაზე გაკეთდა.
„არცთუ ცოტა შემთხვევაში სავენტილაციო სისტემასთან დაკავშირებული ხარვეზები დაფიქსირდა. ვგულისხმობ დარღვევებს, რის გამოც გარედან დიდი კონცენტრაციით სუფთა ჰაერის შემოტანა ვერ ხდება. ეს კი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რისკის შემცველია,“ – განაცხადა ფერაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა საკონტროლო და დამატებით ღონისძიებებზე, თუ რა ალტერნატივა შეიძლება შეეთავაზოს ასეთ ობიექტებს. ბექა ფერაძის ინფორმაციით, საბოლოო მსჯელობა ეპიდემიოლოგებთან და დარგის ექსპერტებთან გაიმართება და სწორედ ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ: ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ განაცხადა, რომ სახელმწიფოს სურვილია, ქვეყანაში ტურიზმის სექტორი არ შეფერხდეს და მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულის სეზონისთვის სტუმარ-მასპინძლობის სექტორი მზად იყოს ტურისტების უსაფრთხოდ მისაღებად.
„სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური აქტივობა იყოს შეუფერხებელი. ტურისტი საქართველოსთვის არის ყოველთვის ძალიან დადებითი ეკონომიკური შედეგების მომტანი, აქედან გამომდინარე, ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება ბევრი ტურისტი გვყავდეს მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ტურიზმი არის შეფერხებული.
თუმცა აქ არის მეორე საკითხი, მნიშვნელოვანია, სასტუმროებისა და რესტორნების მზაობა ტურისტების მისაღებად”,- განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, შესაბამის დოკუმენტს შრომის ინსპექცია ამზადებს.
„შრომით ინსპექციას სექტორის წარმომადგენლებისთვის მომზადებული აქვს დოკუმენტი, რომელიც არის საერთაშორისო მოთხოვნებზე დაყრდნობილი და რომელიც როგორც ტურისტს, ასევე ქვეყანას უსაფრთხო გარემოს უქმნის. ჩვენ ვგეგმავთ მათთვის ამ მოთხოვნების წარდგენას და იმის მიხედვით, თუ რამდენად შეძლებს სექტორი ამ ყოველივეს დაკმაყოფილებას, მათ ექნებათ საშუალება, იყვნენ ეკონომიკურად აქტიურები ხანგრძლივ დროში“, – განაცხადა ტიკარაძემ.