ჩეხეთის განვითარების სააგენტო საქართველოს პირველადი ჯანდაცვის განვითარებაში დაეხმარება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საწყის ეტაპზე პროექტის პილოტირება დაგეგმილია მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების შერჩეულ მუნიციპალიტეტებში. ამასთანავე, პროექტი აგრძელებს პირველადი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების სისტემის სრულყოფას თბილისის 5 საპილოტე სამედიცინო დაწესებულებაში.
მთლიანობაში, პროექტში 46 სამედიცინო დაწესებულება ჩაერთვება. პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით მემორანდუმს ხელი მოაწერეს მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორმა იან სლივამ.
პროექტის სახელწოდებით „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ განხორციელების ვადა 2020-2023 წლებია.
აღნიშნული პროექტის მიზანია პირველად ჯანდაცვაში ხარისხის მართვის ინსტრუმენტების დანერგვა და პირველადი ჯანდაცვის პერსონალისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ჩამოყალიბება.