უახლოეს პერიოდში საქართველოში COVID -19-ის პასპორტის მობილური აპლიკაცია ამოქმედდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ცენტრი მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, შეინახონ მეორე დოზის აცრის ჯავშნის კოდი, ვინაიდან იგი უახლოეს პერიოდში მფლობელს COVID -19- ის პასპორტის მობილური აპლიკაციის გასააქტიურებლად გამოადგება.
Jandacva.ge დაინტერესდა, რა დანიშნულება იქნება აღნიშნულ პასპორტს.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი პრაქტიკა უკვე მოქმედებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. მაგალითად, ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა ნათია ტურფაშვილმა რამდენიმე დღის წინ ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ დღეს ისრაელში პრაქტიკულად ყველა რეგულაცია მოხსნილია, თუმცა დახურულ სივრცეებში, მაგალითად თეატრსა და კინოთეატრში შესვლა მხოლოდ ორჯერადი აცრის დამადასტურებელი დოკუმენტითაა შესაძლებელი, რომელიც სპეციალურ აპლიკაციაზეა ატვირთული.
იაშვილის კლინიკის დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განმარტებით, აპლიკაცია საქართველოში უახლოეს მომავალში ჩაეშვება და, გარდა მოგზაურობისა, მას შესაძლოა, კაფე-რესტორნებში „საშვის“ ფუნქციაც ჰქონდეს. ჩხაიძის ინფორმაციით, განიხილება ვერსია, რომ ორჯერადი აცრის ცნობით შესაძლებელი გახდეს, მაგალითად შაბათ-კვირას რესტორნებისა და კლუბების შიდა სივრცეებში შესვლა.
თუმცა, მისივე განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტით პირი „კომენდანტის საათის“ დროს გადაადგილების უფლებას ვერ მიიღებს.
ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ, შესაძლოა, აღნიშნული პასპორტით სარგებლობის შესაძლებლობა ორჯერადად აცრილ მოქალაქეებს უკვე მაის-ივნისიდან მიეცეთ, რისთვისაც საჭიროა, მოსახლეობაში სრულად იმუნიზებული პირების გარკვეული რაოდენობა შეიქმნას. ამასთან, მისივე თქმით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა უწყებების შეჯერებულ პოზიციებზე იქნება დამოკიდებული.
ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ კოვიდ-19-ის პასპორტის ამოქმედება მოქალაქეებისთვის აცრის გაკეთების სტიმულიც იქნება, რადგან ამ გზით მათ შეეძლებათ მიიღონ საბუთი, რომლითაც კლუბებში, რესტორნებსა და სხვა დაწესებულებებში შესვლას შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ვაქცინაცია 55 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი. მაისიდან ჩინური “სინოფარმით” ვაქცინაცია იგეგმება და, შესაძლოა, ეს პრეპარატი უფრო დაბალი ასაკის მოსახლეობისთვის იყოს ხელმისაწვდომი. მასობრივი იმუნიზაცია, გეგმის თანახმად, ივლისში უნდა დაიწყოს.