„ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო. აჯავშანი უნდა გაკეთდეს იმავე კლინიკაში, სადაც პირველი აცრა ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. „ფაიზერის“ პრეპარატი კი, რომელიც თავდაპირველად მედიკოსებისთვის იყო გათვალისწინებული, ექიმების მხრიდან დაბალი მოთხოვნის გამო, 65 წელს გადაცილებული პირებისთვის ხელმისაწვდომი 30 მარტიდან გახდა. შესაბამისად, პირებს, რომლებმაც ამ დღეს ჩაიტარეს “ფაიზერით” აცრა, შეუძლიათ ვიზიტი 21 აპრილიდან დაჯავშნონ.
ამასთან, 30 აპრილს, ასევე 1,2 და 3 მაისს, სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, აცრის კაბინეტები არ იმუშავებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შეახსენებს მოქალაქეებს, რომ ჯავშნის გასაკეთებლად უნდა ეწვიონ https://booking.moh.gov.ge/ ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე 1522
მოქალაქეებს შეუძლიათ დაჯავშნონ ადგილი ფაიზერის მე-2 დოზის მისაღებად, რისთვისაც უნდა ჰქონდეთ ჩატარებული 1 დოზით აცრა.
აუცილებელია, რომ ჯავშანი გაკეთდეს იმავე კლინიკაში, სადაც ჩატარდა პირველი აცრა.
აუცილებელია, რომ ჯავშანი გაკეთდეს პირველი აცრიდან 21-26 დღიან შუალედში და არ პირი ჩაეწეროს 20 დღიანი ინტერვალის გასვლამდე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, შეინახონ ჯავშნის კოდი, ვინაიდან იგი უახლოეს პერიოდში გამოადგებათ COVID-19- ის პასპორტის მობილური აპლიკაციის გასააქტიურებლად
ფაიზერით აცრა 6 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს:
– თბილისი: ბოკერიას სახ. რეფერალური ჰოსპიტალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამტელ ჰოსპიტალ კლინიკა.
– ბათუმი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.
– ქუთაისი: ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი.