საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის დაბალი ტემპები ქვეყნის ეკონომიკაზეც ნეგატიურ გავლენას ახდენს. სწორედ ეს ფაქტორი სახელდება ერთერთ მიზეზად, რომელიც ეპიდვითარებას ართულებს და ლარზე გავლენას ახდენს. ყოველივე ამის შედეგად კი ტურიზმის აღდგენის მოლოდინები შეიცვალა.
ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს. ევა ბოჭორიშვილის თქმით, რომ ლარის კურსის ბოლოდროინდელი მერყეობა ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული. მათ შორისაა მესამე ტალღის მოლოდინი, ჩაკეტვა, პოლიტიკური არასტაბილურობა და ა.შ.
„მთავარი ის არის, რომ ველოდებოდით ტურიზმის აღდგენას და ვაქცინაციის ნელი ტემპიდან გამომდინარე, რომელიც ეპიდვითარებას ართულებს და ლარზეც გავლენას ახდენს, ეს მოლოდინებიც შეიცვალა. ბოლო პროგნოზით 3.5–ის ფარგლებში ველოდებით ლარის კურსის ცვლილებას. ამის მიუხედავად, არსებობს პოზიტიური ფაქტორებიც, ექსპორტი და ფულადი გზავნილები იზრდება, რასაც თავისი დადებითა გავლენა აქვს,“ – აღნიშნავს, ევა ბოჭორიშვილი.
მისივე თქმით, წლის დასაწყისში დადებითი სცენარის მიხედვით, ტურიზმის აღდგენას ელოდნენ, ამ ეტაპზე კი ეს მოლოდინები არ არის გამართლებული და უფრო ნეგატიური სცენარისკენ მივდივართ.
„ამ ეტაპზე, მთავარია წესების დაცვა და ამაზე მაქსიმალური ყურადღების გამახვილება, რადგან ეკონომიკის კიდევ ერთი ჩაკეტვა სიტუაციას გააუარესებს, რაც ლარის კურსზეც უარყოფითად აისახება. შესაძლოა, ვიფიქროთ სასწავლო დაწესებულებების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანაზე, რომ ბიზნეს აქტივობას ნაკლებად შევეხოთ და წესების დაცვით გააგრძელონ ფუნქციონირება. რა თქმა უნდა, ვაქცინაციის ტემპის გამოსწორება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. მეტ რეკომენდაციას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ,“ – ამბობს Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკის სავალუტო აუქციონზე გამოტანილი 40 მლნ დოლარიდან მხოლოდ 25.4 მლნ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4353 შეადგინა.
business-partner.ge