საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კლინიკა, რომელსაც გააჩნია სტაციონარული დაწესებულების ნებართვა და აქვს რეანიმაციული ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მომსახურება, ვალდებულია, სამინისტროს მითითების საფუძველზე, დაწესებულების ბაზაზე უზრუნველყოს COVID-19 ვაქცინაციისთვის შესაბამისი ამცრელი კაბინეტებისა და ბრიგადების ორგანიზება.
ამის შესახებ მთავრობის №168 დადგენილებაშია აღნიშნული, რომელიც ძალაში დღეს შევიდა. დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შედის ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„ამ მუხლის მიზნებისათვის, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება, რომელიც „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების მიხედვით, ფლობს სტაციონარული დაწესებულების ნებართვასა და დანართებს რეანიმაციული ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მომსახურებაში, სამინისტროს მითითების საფუძველზე, ვალდებულია, დაწესებულების ბაზაზე უზრუნველყოს COVID-19 ვაქცინაციისთვის შესაბამისი ამცრელი კაბინეტებისა და ბრიგადების ორგანიზება, დადგენილი წესის მიხედვით.“
ცნობისთვის: 322-ე დადგენილების თანახმად, COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სპეციალურად შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში მიმდინარეობს. იქვე ტარდება ტესტირებები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარე წლის 15 მარტიდან დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი ამ ეტაპზე მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებზე (მედიკოსები, 55 წელს გადაცილებული მოქალაქეები, დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პირები) ვრცელდება. მაის-ივნისიდან კი მასობრივი იმუნიზაციის დაწყება იგეგმება. ამ ეტაპზე ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ პრეპარატით გრძელდება, 20 აპრილიდან კი იმუნიზაცია, სავარაუდოდ, ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინითი გაგრძელდება, რომლის 100 ათასი დოზა საქართველომ უკვე შეიძინა და დაასაწყობა.