ხვალიდან საქართველოში „ფაიზერის“ ამერიკულ-გერმანული წარმოების ვაქცინით აცრის პროცესი იწყება. ვაქცინები ქვეყნის სამი დიდი ქალაქის ექვს კლინიკაში გადანაწილდება.
ერთი კლინიკა არის ბათუმში, ერთი ქუთაისში და ოთხი თბილისში. თბილისის კლინიკებია: ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, „ამტელის“კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი. ბათუმში – რესპუბლიკური საავადმყოფო, ხოლო ქუთაისში ცხაკაიას სახელოების „ევექსის“ კლინიკა“.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე აღნიშნული პრეპარატის მახასიათებლებია გამოქვეყნებული. ინფორმაციის წყაროდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაა მითითებული.
ინფორმაციის თანახმად, ვაქცინა არ უნდა გაკეთდეს, თუ პირი ალერგიულია აქტიური ნივთიერების ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ჯანმოს რჩევები ასეთია:
ვაქცინის გაკეთებამდე უნდა გაესაუბროთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ: თქვენ ოდესმე გქონიათ მწვავე ალერგიული რეაქცია ან სუნთქვის პრობლემები წარსულში სხვა ვაქცინების ან კომირნატის გაკეთების შემდეგ. თქვენ ოდესმე წაგსვლიათ გული ნებისმიერი ნემსის ინექციის შემდეგ; გაქვთ მძიმე დაავადება ან ინფექცია მაღალი ცხელებით (ამასთან, შეგიძლიათ გაიკეთოთ ვაქცინაცია, თუ გაქვთ მსუბუქი ცხელება ან ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, როგორიცაა გაციება); გაქვთ სისხლდენის პრობლემა, ადვილად გიჩნდებათ სისხლჩაქცევები ან იყენებთ მედიკამენტს თრომბის თავიდან ასაცილებლად; გაქვთ დასუსტებული იმუნური სისტემა ისეთი დაავადების გამო, როგორიცაა აივ ინფექცია ან ისეთი მედიკამენტი, როგორიცაა კორტიკოსტეროიდი, რომელიც მოქმედებს თქვენს იმუნურ სისტემაზე.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ როგორც ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში, კომირნატის ვაქცინაციის კურსის მე-2 დოზამ შეიძლება სრულად არ დაიცვას ყველა, ვინც მას მიიღებს და არ არის ცნობილი, რამდენ ხანს იქნებით დაცული.
ჯანმოს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ვაქცინა ნაჩვენებია აქტიური იმუნიზაციისთვის, SARS-CoV-2 ვირუსით გამოწვეული COVID-19- ის თავიდან ასაცილებლად, 16 წლის და უფროსი ასაკის პირებში. პრეპარატი კეთდება კუნთში, განზავების შემდეგ, 2 დოზის კურსით (თითოეული 0.3 მლ) სულ მცირე 21 დღის ინტერვალით. დაფიქსირებულია ანაფილაქსიის მოვლენები, ამიტომ სათანადო სამედიცინო მკურნალობა და მეთვალყურეობა ყოველთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ვაქცინის მიღების შემდეგ განვითარებული ანაფილაქსიური რეაქციის შემთხვევაში. ვაქცინაციის შემდეგ რეკომენდებულია უშუალო დაკვირვება მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში. ვაქცინის მეორე დოზა არ უნდა გაუკეთდეთ მათ, ვისაც ჰქონდა ანაფილაქსია კომირნატის პირველ დოზაზე.
ამასთან, ვაქცინაციასთან ერთად შეიძლება ადგილი ქონდეს შფოთვასთან დაკავშირებულ რეაქციებს, ვაზოვაგალური რეაქციების (სინკოპე), ჰიპერვენტილაციის ან სტრესთან დაკავშირებული რეაქციების ჩათვლით, რაც წარმოადგენს ფსიქოგენურ პასუხს ნემსის ჩხვლეტაზე. მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა გონების დაკარგვის შემთხვევაში სხეულის დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
ისევე როგორც სხვა კუნთშიდა ინექციებისთვის, ვაქცინა სიფრთხილით უნდა გაკეთდეს პირებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიკოაგულანტებით ან რომლებსაც აქვთ თრომბოციტოპენია ან კოაგულაციის რაიმე დარღვევა (მაგალითად, ჰემოფილია), რადგან ასეთ პირებს კუნთში ინექციის შედეგად შესაძლოა განუვითარდეთ სისხლდენა ან სისხლჩაქცევები.
რაც შეეხება დაცვის ხანგრძლივობას, ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ვაქცინით გათვალისწინებული დაცვის ხანგრძლივობა უცნობია, რადგან მისი განსაზღვრა კვლავაც ხორციელდება მიმდინარე კლინიკური კვლევებით.
ამასთან, ისევე, როგორც ნებისმიერი ვაქცინისთვის, კომირნატით ვაქცინაციამ შეიძლება არ დაიცვას ვაქცინის ყველა მიმღები. აცრილი პირები შესაძლოა არ იყვნენ სრულად დაცულები ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში.
ორსულ ქალებში კომირნატის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება ორსულობასთან, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებასთან, მშობიარობასთან ან მშობიარობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. ორსულობის დროს კომირნატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება დედისთვის და ნაყოფისთვის პოტენციურ რისკებს.
ვაქცინებს არანაირი გავლენა არ ჰქონდა მდედრი ვირთხების ნაყოფიერებაზე, ორსულობაზე ან ემბრიონ-ნაყოფის ან შთამომავლობის განვითარებაზე. მონაცემები ვაქცინების პლაცენტაში შეღწევის ან რძეში გამოყოფის შესახებ არ არის ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 65 წელზე ასაკოვანი პირებისთვის ვაქცინაციის გახსნის შემდეგ აცრის გაკეთების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა (მანამდე ვაქცინაცია მხოლოდ მედპრესონალისთვის იყო ხელმისაწვდომი). 14 აპრილის ჩათვლით „ფაიზერის“ აცრაზე ყვლა ადგილი შეივსო – დაჯავშნილია 10 ათასზე მეტი დოზა. 14 აპრილის შემდეგ კი რეგისტრაცია დარჩენილ დოზებზე გაგრძელდება, რათა მოქალაქეებმა, რომლებიც ერთხელ უკვე აიცრნენ, მეორე დოზის გაკეთება შეძლონ.