სამასპინძლო ბიზნესი საკუთარი თანამშრომლების ვაქცინაციისთვის მზადაა. ამისთვის კი საჭიროა, ხელისუფლებამ კომერციული ვაქცინაციის პროცესი გახსნას. ამის შესახებ jandacva.ge-ს სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული წინადადებით ბიზნესმა ხელისუფლებას რამდენიმე კვირის წინ მიმართა, თუმცა მას შემდეგ მოხდა მედდის გარდაცვალების ფაქტი, რამაც პროცესები შეაფერხა. დღეს კი, ალავერდაშვილის განცხადებით, მსგავსი პრაქტიკის დანერგვა ისევ აქტუალური რჩება და ესაა ის გზა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკური პროცესების გააქტიურებას.
jandacva.ge დაინტერესდა, იყო თუ არა სამასპინძლო ბიზნესთან კომუნიკაცია იმ წინადადებაზე, რომელიც ამირან გამყრელიძემ გააჟღერა. კერძოდ, ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არის არაპირდაპირი მეთოდები, რაც აიძულებს ადამიანს აიცრას. „მაგალითად, ახლა ბევრმა ავიაკომპანიამ გამოაცხადა, რომ არ გაყიდიან ბილეთებს, თუ ადამიანი ორჯერ არ არის აცრილი. ამას ე.წ არაპირდაპირი მანდატორიზმი ვუწოდე. გარკვეული მონახაზი გვაქვს იგივე წამახალისებელი ღონისძიებების. მაგალითად, დაწესდეს უსაფრთხო კლინიკების სერთიფიკატი, რომ ყველა სამედიცინო პერსონალი იქნას აცრილი, რათა იქ მისული პაციენტი იყოს დაცული. იგივე სამანსპინძლო დაწესებულებები, სასტუმროები, იქ სადაც ყველა აცრილია, თავისუფლად გაჩერდება სტუმარი. დამუშავდა ეს საკითხები და ალბათ მომავალი 2 დღის განმავლობაში გაჟღერდება,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. აღნიშნულთან დაკავშირებით შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ მთავარია, ხელისუფლებამ კომერციული ვაქცინა დაუშვას და ამ პროცესზე, ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, კონტროლი განახორციელოს. კერძო სექტორი კი თავად უზრუნველყოფს თანამშრომლების აცრას, რადგან ეს მის ინტერესებშია.
„ბიზნესი ამაში ისევე ჩადებს ინვესტიციას, როგორც, მაგალითად ინვენტარის შეძენაში ან ინფრასტრუქტურის მოწყობაში დებს. ეს იქნება მნიშვნელოვანი მარკეტინგული სვლა, რომელიც ჩვენ საქმიანობას გამოაცოცხლებს,“ – განაცხადა ალავერდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა განაცხადა, რომ ახორციელებენ მოლაპარაკებებს კომერციული ვაქცინის შემოტანის მიზნით.