მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა იზრდება – კლინიკებში კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობა მატულობს

ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა იზრდება – კლინიკებში კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობა მატულობს

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 3770 აქტიური შემთხვევაა. მათგან ჰოსპიტლებში 1467 პაციენტია მოთავსებული. ამ პაციენტებიდან 80 რეანიმაციაშია. გუშინდელი მონაცემებით, სტაციონარში  1 460  ადამიანი მკურნალობდა, 21 მარტს კი ეს მაჩვენებელი 1435 იყო. შესაბამისად ჰოსპიტლებზე ზეწოლა გაიზარდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში 3 ათასზე მეტი საწოლია მობილიზებული იმ შემთხვევისთვის, თუ სისტემას მათი გამოყენება დასჭირდება.

რაც შეეხება აცრის ტემპებს, ის კვლავ დაბალია – ბოლო ერთ დღეში მხოლოდ 107 მედიკოსი აიცრა.

ეპიდსიტუაციის გაუარესებაზე საუბრობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც.

„სტაბილიზაცია გრძელდება, მაგრამ ბოლო ოთხი-ხუთი დღეა, სტაბილურად, ძალიან მცირედ შემთხვევების მატების ტენდენცია შეინიშნება როგორც ინციდენტობის კუთხით (100 ათას მოსახლეზე გადათვლით), ისე დადებითობის მაჩვენებლის მხრივ. ასევე იზრდება აქტიური შემთხვევების რაოდენობა. თუმცა დღეს სიკვდილიანობასთან დაკავშირებით დინამიკა პოზიტიურია. ნოემბრიდან დღემდე ეს მაჩვენებელი ყველაზე მცირეა. დიდი მსჯელობა იყო საკოორდინაციო საბჭოზე,  დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ხაზი გაუსვა რეკომენდაციების დაცვის აღსრულებაზე მკაცრ კონტროლს. თუ ჩვენ დაახლოებით ამ რანგის ეპიდსიტუაციით გავივლით მარტს და აპრილს, მაშინ დიდი ალბათობით, მესამე ტალღას ავცდებით. თუ ჩვენ გვექნა ტედენდენცია შემთხვევების ზრდის, ანუ ეპიდვითარება თუ გაუარესდება, მაშინ მოგვიწევს გარკვეული გამკაცრებები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აღსრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს  და ამის შემდეგ ვიფიქროთ სხვა საკითხებზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …