მთავარი » რეფორმები » ნაია იობაშვილი ჯანდაცვის პირელადი რგოლის დაგეგმილი რეფორმის შესახებ
ჯანდაცვის პირელადი რგოლის დაგეგმილი რეფორმის, ასევე სფეროში მიმდინარე პროცესების თაობაზე საუბრობს ,,ინდიგოს“ დირექტორი, მედიცინის ექსპერტი ნაია იობაშვილი.

ნაია იობაშვილი ჯანდაცვის პირელადი რგოლის დაგეგმილი რეფორმის შესახებ

ჯანდაცვის პირელადი რგოლის დაგეგმილი რეფორმის, ასევე სფეროში მიმდინარე სხვა პროცესების თაობაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ინდიგოს“ დირექტორი, მედიცინის ექსპერტი ნაია იობაშვილი.

ქალბატონო ნაია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში გატარებული რეფორმებიდან რომელს გამოყოფდით. რა ხარვეზები შეინიშნება და რის გამოსწორებას ისურვებდით? 

იქიდან გამომდინარე, რომ რეფორმის ფარგლებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგად ძირითადი დატვირთვა მოდის სტაციონარებზე, ლოგიკურია, რომ დაავადებების პრევენციას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.

ბიუჯეტის რაღაც ნაწილი უნდა გამოიყოს საპრევენციო ღონისძიებებისთვის, განსაკუთრებით ისეთ პრობლემურ დარგებზე, როგორებიც არის ონკოლოგია, ვირუსულ–ინფექციური დაავადებები (ჰეპატიტები, აივ/ინფექცია), რომლის პრევენციასაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ახერხებს ამ დაავადებების ასე თუ ისე მართვას სხვადასხვა პროგრამებით, მაინც ფაქტია, რომ პრევენციული ღონისძიებები მოისუსტებს. პროგრამა რომ წარმატებულად განვითარდეს, კვლევები უნდა დაიდოს, თუ რა საჭიროებები არსებობს, უნდა გვქონდეს რეალური სტატისტიკა, რომელიც არ არსებობს.

უნდა ხდებოდეს სკრინინგი, როგორც ზემოაღნიშნული პრობლემების გამოსავლენად, ასევე ფარისებური ჯირკვლის გამოსაკვლევად. ამ პრობლემას სათანადო ყურადღება არ ექცევა. უნდა ხდებოდეს ბავშვთა ასაკში ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგი, რადგან ბევრი დაავადება საკმაოდ გაახალგაზრდავდა.

სად უნდა ვეძიოთ თქვენ მიერ აღნიშნული მიზეზების გამომწვევი ფაქტორები? 

ვფიქრობ, ამის ბრალი არის როგორც ეკონომიკური სიდუხჭირე, ისე ინფორმაციული ვაკუუმი. არის კვლევების ნაწილი, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. პაციენტი მიდის ექიმამდე, როცა უკვე ძალიან უჭირს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ არ აქვს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, თუ რა ეტაპზე უნდა მოხდეს დაავადების პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, რას იწვევს დაავადება და ა.შ. ცნობიერების დონე მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში დაბალია.

თქვენი აზრით, წარმატებული რეფორმისათვის აუცილებელია თუ არა მედიკამენტებზე და სამედიცინო სერვისებზე  ფასების დარეგულირება? 

ეს ძალიან მტკივნეული საკითხია. ფარმაცევტული კომპანიები პრაქტიკულად მართლაც უკონკურენტოდ მუშობენ. მთავარი არის იმ პრეპარატების ხარისხი, რომლებსაც პაციენტებზე ძალიან ძვირად ასაღებენ. ყოფილა უამრავი შემთხვევა, რომელიც წამლების ხარისხის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველს იძლევა.

ქვეყანაში არ ხდება წამლის რეალური და ხარისხიანი კონტროლი, რაც აუცილებელია. პაციენტის არჩევანი, რასაკვირველია, ლოგიკურად შეჩერდება ხოლმე ხარისხიან პრეპარატზე. რაღაცნაირად რეგულირება უნდა მოხდეს, რომ ქვეყანაში უხარისხო წამალი არ შემოდიოდეს. როდესაც რამდენიმე ფირმა ერთი და იგივე დასახელების წამლის იმპორტს ახდენს, ან წამალი ადგილზე იწარმოება და ზოგიერთი ფირმის წამალი მეტი ღირს, ზოგისა კი ნაკლები, ასე არ უნდა ხდებოდეს.

როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლია და უნდა დაიწყოს თუ არა მათ გამოვლენაზე მუშაობა? 

ამას სათანადო გამოძიება სჭირდება. როგორც ამბობენ, ფასების მატემა ვალუტის კურსის ცვლილებასთან პირდაპირ კავშირშია. ფაქტია, რომ ეს რეალობა  პაციენტების ჯიბეს ურტყამს. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ხომ ხდება თანადაფინანსება გარკვეული ტიპის მედიკამენტებზე, სწორედ ასე უნდა იყოს თანადაფინანსება სხვა მნიშვნელოვან მედიკამენტებზე, რომლებსაც ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები იღებენ.

თუ ბიუჯეტი საშუალებას მისცემს სამინისტროს, ასეთი სახის თანადაფინანსება უნდა გაზარდოს. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ საკითხს – იმის გამო, რომ ექიმებს ზოგჯერ უწევთ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილი, სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიებთან არიან გარიგებულები და პაციენტებს უნიშნავენ კონკრეტულ მედიკამენტებს.

  ექიმი რომ ფინანსურად იყოს უზრუნველყოფილი და დამოუკიდებლად მუშაობდეს, კონკრეტულ შემთხვევებში კონკრეტულ წამლებს, ლოგიკურად, არ დანიშნავდა. ექიმს არ უნდა ჰქონდეს იმდენად დაბალი ხელფასი, რომ პაციენტის მკურნალობის გარდა სხვა რამეზე უწევდეს ფიქრი.

primetimenews.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის …