საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, გეგმიური ოპერაციების დაფინანსება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამის შესახებ jandacva.ge-ს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განუცხადა.
გეგმიური ოპერაციების დაფინანსება, რომლებიც კოვიდპანდებიის ე.წ. მეორე ტალღის დროს, ნოემბერში, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთულობის პერიოდში შეწყდა, სახელმწიფომ პირველი მარტიდან განაახლა. კლინიკების ნაწილში გაჩნდა მოლოდინი, რომ ამ თვეების განმავლობაში დაგროვილი მოთხოვნების დაკმაყოფილება გაჭირდებოდა. ჯადაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში, რაც საგარანტიო ფურცლების გაცემა განახლდა, რაიმე სერიოზულ შეფერხებას ამ კუთხით ადგილი არ ჰქონია.
„ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებულად ჭარბი მოთხოვნა არ დაგვიფიქსირებია და ჩვეულებრივად გრძელდება საგარანტიო ფურცლების გაცემა. ჰოსპიტლები აღნიშნული მომსახურებების გაწევისთვის მზად არიან. დღეს კოვიდის მიზნებისთვის კლინიკების დატვირთვა მაღალი არ არის, ამდენად მოლოდინი, რომ მიწოდების პროცესი შეფერხდება, არ გვაქვს,“ – განაცხადა გაბუნიამ.