დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი ბოლო თითქმის ნახევარი წლის მინიმუმამდე შემცირდა. კერძოდ, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 2 ადამიანი ემსხვერპლა, ლეტალობის ასეთი მონაცემი კი ქვეყანაში ბოლოს გასული წლის 4 ოქტომბერს დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კორონავირუსით გარდაცვალების ყოველდღიურმა სტატისტიკამ ზრდა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო – თუ აღნიშნული თვის დასაწყისში დღეში 3 ადამიანი იღუპებოდა, თვის ბოლოს ლეტალობის დღიური მაჩვენებელი უკვე 28 გახდა.
მომდევნო თვეში, ყოველდღე დაღუპულთა რაოდენობა ათეულობით იყო. ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად, ლეტალობის 24-საათიანი მონაცემი იზრდებოდა დეკემბერში და 40-დან 50-მდე გარდაცვლილამდე მერყეობდა, პიკი კი 18 დეკემბერს დაფიქსირდა, როდესაც კორონავირუსს 53 პაციენტი ემსხვერპლა. კლების ტენდენცია იანვარში დაიწყო და თებერვალსა და მარტში გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში 14 000-მდე ტესტი გაკეთდა, კორონავირუსი კი 159 შემთხვევაში დადასტურდა.