საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტის კომპონენტის დამატებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა.
დავით სერგეენკოს განმარტებით, სახელმწიფო მარტოხელა პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ძირითადი ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამეტებით უზრუნველყოფს.
შეხვედრაზე მინისტრმა ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებს ის ძირითადი მოთხოვნები გააცნო, რაც მედიკამენტის შესყიდვისას იქნება გათვალისწინებული. მთავარი აქცენტი, კი ხარისხზე კეთდება.
„სახელმწიფო აწესებს ხარისხის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მაღალ სტანდარტს – რაც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ხარისხის კონტროლის სერტიფიკატი“.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტის მე-2 ტიპი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ბრონქიალური ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები – ეს იმ დაავადებათა ჩამონათვალია, რომელიც პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. ახალი პროგრამა ზაფხულში ამოქმედდება და მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას 30-მდე დასახელების მედიკამეტით უზრუნველყოფს.