საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები ხორციელდება. 2013 წლის 1 ივლისის შემდეგ საყოველთაო და კერძო პაკეტების გამიჯვნა მოხდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულის განხორციელება მონაცემთა ბაზების განახლების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
როგორც უწყებაში აცხადებენ, 2013 წლის 1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრენ პირები, რომლებსაც 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არ ჰქონდათ კერძო დაზღვევა, ხოლო ის პირები, რომლებიც 1 ივლისის მდგომარეობით სარგებლობდნენ კერძო დაზღვევით, ვერ გახდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარები.
„პრინციპი უცვლელი რჩება. 2013 წლის 1 ივლისის მონაცემებით, ბაზების განახლებამდე, კერძო დაზღვევით სარგებლობდა 500 ათასამდე პირი. თუმცა შემდეგ ნაწილი, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით შეუწყდა კერძო დაზღვევა(მაგალითად დაკარგეს სამსახური და ა.შ.) გახდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მხოლოდ მინიმალური პაკეტით მოსარგებლეები. ერთ ნაწილს კი, ვინც 2013 წლის 1 ივლისისთვის არ ფიქსირდებოდა კერძო დაზღვეულთა შორის და შემდეგ აიღო პოლისი, ე.წ. ორმაგი დაზღვევა გაუჩნდათ.
შესაბამსიად, დღის წესრიგში დადგა 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არსებული სიების განახლება. პროგრამის შემდგომი რეფორმირებისთვის და მისი ძირეული მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს საყოველთაობას და არადაზღვეული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას”, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
უწყების ცნობით, ცვლილებების შედეგად, 2013 წლის 1 ივლისიდან დღემდე, 120 ათასამდე პირს, ვისაც არ ჰქონდა კერძო დაზღვევა და სარგებლობდა საყოველთაო ჯანდაცვის მხოლოდ მინიმალური პაკეტით-მიეცემა საშუალება, გახდეს საბაზისო პაკეტის მომხმარებელი.
მეორეს მხრივ, წარმოდგენილი ცვლილებებით, ე.წ. „საბაზისო პაკეტით“ მოსარგებლეები, ნაცვლად 2013 წლის 1 ივლისისა, ხდებიან 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დაზღვევის არმქონე პირები. ანუ, ვინც ორმაგი დაფინანსებით სარგებლობდა გაიმიჯნება და დარჩება მხოლოდ კერძო დაზღვევის მფლობელი.
„ყველა ეს ცვლილება მიმართულია უკეთესი ჯანდაცვითი სერვისების მოცვისთვის. გარდა ამისა, ბენეფიციართათვის პირობების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, ამ დადგენილების ამოქმედებამდე ე.წ. „საბაზისო“ ან „მინიმალური“ პაკეტის ფარგლებში დამდგარი პროგრამული შემთხვევები, რომლებიც ამ პერიოდისთვის არ დასრულებულა, ხოლო გეგმიურ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდური რჩება ვადის ამოწურვამდე”, – ნათქვამია განცხადებაში.
პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები 2017 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.