მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » მიწოდებაზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა საჭიროებაზე ორიენტირებულით ჩანაცვლდება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირველი ეტაპის მიზანი ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება იყო. ჩამოყალიბდა ე.წ. მიწოდებაზე ორიენტირებული ჯანდაც

მიწოდებაზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა საჭიროებაზე ორიენტირებულით ჩანაცვლდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებებია. კლინიკების მხრიდან გამოვლენილმა ხარვეზებმა სამინისტრო იძულებული გახადა, მიმართულება შეეცვალა და მიწოდებაზე ორიენტირებული სისტემა საჭიროებაზე ორიენტირებული სისტემით ჩაენაცვლებინა.

შეიცვალა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმწოდებელი კლინიკების შერჩევის სტანდარტები და შემუშავდა ახალი კრიტერიუმები, რომელიც ხარისხსა და სამედიცინო მომსახურების უწყვეტობაზე იქნება ორიენტირებული.

იმ ცვლილებებზე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელდება, „პრაიმტაიმს“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ესაუბრა:

– საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირველი ეტაპის მიზანი ძირითადად ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება იყო. ჩამოყალიბდა ე.წ. მიწოდებაზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ ჩვენი რეფორმების მეორე ეტაპის ძირითადი მიზანია, რომ მიწოდებაზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა საჭიროებაზე ორიენტირებული სისტემით ჩანაცვლდეს.  ძირითადი მიზანია, პაციენტებისთვის უსაფრთხო და მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.

– ის განცხადებები, რომელიც სამედიცინო მომსახურების ხარისხის მიმართულებით გაკეთდა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა, ყველას სურს, იცოდეს, სად იღებს ხარისხიან მომსახურებას. როგორ ფიქრობთ, ვალდებულია თუ არა სამინისტრო, გაასაჯაროოს კვლევის შედეგები და დაასახელოს ის კლინიკები, რომელთან დაკავშირებითაც, სულ მცირე, კითხვის ნიშნები გაჩნდა? 

– ჩვენ კლინიკებთან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობთ. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების მონიტორინგს აწარმოებს. სწორედ ამ შეფასების საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები და კლინიკებს მიეცათ რეკომენდაციები. მაგალითად, ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს, ინფექციების კონტროლია. კლინიკებს მონიტორინგის საფუძველზე მიეცათ რეკომენდაციები. დეკემბერში განხორციელდა განმეორებითი მონიტორინგი.

ბევრმა კლინიკამ დააკმაყოფილა ძირითადი მოთხოვნები. არის კლინიკები, რომლებმაც ვერ შეძლეს ან არ შეძლეს სტანდარტების დაკმაყოფილება. ჩვენ მათ ხარვეზების გამოსასწორებლად დამატებითი დრო მივეცით. სწორედ ამიტომ ამ კლინიკების დასახელებისგან თავს შევიკავებ. თებერვლის ბოლოს ან პირველი მარტიდან ამ კლინიკების დაკონტრაქტების პირველი რაუნდი განხორციელდება. შესაბამისად, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, რომელი კლინიკა გახდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე და რომელი კლინიკა გამოეთიშა.

– და ეს იქნება მანიშნებელი იმისა, რომ სწორედ იმ კლინიკებს ჰქონდათ პრობლემები, რომლებიც ვერ მოხვდნენ პროგრამაში? 

– რა თქმა უნდა. ეს იქნება ირიბი მინიშნება, რომ კლინიკებმა, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროვაიდერების სიაში ვერ მოხვდნენ, სახელმწიფოს მიერ წამოყენებული სტანდარტები ვერ დააკმაყოფილეს.

– რა პრობლემები გამოიკვეთა კვლევაში, რომლის შედეგებიც მინისტრმა კლინიკის წარმომადგენლებს გააცნო? 

– ერთ-ერთი არის ინფექციების პრევენცია და კონტროლი, მეორეა სამედიცინო სერვისების უწყვეტობა. ალბათ, უკვე გსმენიათ, რომ დღესდღეობით არის კლინიკები, რომლებიც მომხმარებელს ფრაგმენტულ სერვისებს აწვდიან. მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკული განყოფილება აქვთ და არ აქვთ შესაბამისი კლინიკური განყოფილებები. აწარმოებენ მხოლოდ რეანიმაციულ – კრიტიკულ სერვისებს და ვერ უზრუნველყოფენ პაციენტის უსაფრთხოებისთვის მინიმალური სერვისების მიწოდებას. რა თქმა უნდა, ასეთი კლინიკები გამოეთიშებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. ასეთი კლინიკები მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, ათია.

– ის შედეგი, რომელიც მონიტორინგის შედეგად მიიღეთ, ხომ არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს? ხომ არ აპირებთ, მონაცემები პროკურატურას გადაუგზავნოთ? 

– ამას ვერ გეტყვით. ყველა კლინიკას აქვს სანებართვო პირობა, ანუ შესაბამისი ლიცენზია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების მიერ გაიცემა. ასეთი კლინიკები დამატებით კიდევ შემოწმდება, რამდენად ახორციელებენ სანებართვო პირობებს. თუ რამე დარღვევა აღმოაჩინეს, ისინი არა მარტო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშებიან, არამედ სანებართვო პირობების მიხედვით, ასეთმა დაწესებულებამ სამედიცინო საქმიანობა არ უნდა განახორციელოს. ამის კონტროლს, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება განახორციელებს.

– მონიტორინგის დახმარებით ხომ გაქვთ უკვე ინფორმაცია, ვინ გამოიყენა ბოროტად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სიკეთეები? ახლა რა შედეგებიც დაიდო, იქ არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები? 

– ვერ გეტყვით. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სტანდარტებთან და ადმინისტრირებასთან მიმართებით იყო დარღვევები და შესაბამისი კომუნიკაცია დაწესებულებასთანაც მრავალჯერ იყო.

– თქვენ ანიშნეთ, რომ ჩამოაყალიბეთ კრიტერიუმები, რა კრიტერიუმებია ის, რისი დაკმაყოფილებაც მოუწევთ კლინიკებს? 

– პირველი ის, რომ დაწესებულება, რომელიც სერვისების უწყვეტობას ვერ უზრუნველყოფს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშება. მეორე არის რაოდენობრივი მაჩვენებელი. კლინიკას დატვირთვასთან მიმართებით გარკვეული რაოდენობრივი მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს. ასეთი სტანდარტებიც ჩამოყალიბების პროცესშია.

მაგალითად, სამეანო და ნეონატალურ სერვისებთან მიმართებით ასეთი რაოდენობრივი მაჩვენებელი უკვე ჩამოყალიბებულია. დიდ ქალაქებში, სამშობიარო, რომელსაც აქვს 500 მშობიარობაზე ნაკლები წელიწადში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე ვერ იქნება.

სელექციური კონტრაქტირება დიდ ქალაქებში განხორციელდება. ეს არის თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი და თელავი. მოგეხსენებათ, ხარისხობრივი მაჩვენებელი დაკავშირებულია რაოდენობრივ დატვირთვასთან. ერთ-ერთი კრიტერიუმი სამედიცინო დაწესებულების დატვირთვა იქნება. ასევე, იქნება ხარისხის მაჩვენებლები ანუ ინდიკატორები, რომლებიც შემუშავებულია.

– კიდე ერთხელ რომ განგვიმარტოთ, რა შეიცვლება საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში? 

– ძირითადად, ცვლილებები, როგორც გითხარით, კლინიკების დაკონტრაქტების მიმართულებითაა. მთავარი აქცენტი გაკეთდება ხარისხზე. მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება დაკავშირებულია ხარჯეფექტურობასთან. გართულებებისა და განმეორებითი ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა იკლებს, როდესაც ხდება მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.

– დაზღვევის მიმართულებით რა იგეგმება? როგორც ინფორმაცია ვრცელდება, კერძო და სახელმწიფო დაზღვევა ერთმანეთისგან გაიმიჯნება, როგორ მოხდება ეს? 

– 2013 წლიდან, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამუშავდა, პროგრამის დიზაინში იყო ჩადებული მომენტი, რომ ადამიანები, რომლებსაც კერძო დაზღვევა ჰქონდათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეები ვერ იქნებოდნენ. ხდება ბაზების გადამოწმება, ვინ არის კერძო დაზღვევის პაკეტის მფლობელი და ვინ არ არის. მიმდინარეობს ამ ბაზების გადამოწმების დასრულება და ამის საფუძველზე გაიმიჯნება. კერძო დაზღვევის მფლობელები ისარგებლებენ ისე, როგორც სარგებლობენ და დანარჩენი იქნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლე. წლის განმავლობაში, რეფორმა ეტაპობრივად ამუშავდება. პირველი იქნება კლინიკების შერჩევა და წლის განმავლობაში ყველა ის პრინციპი შევა ძალაში, რაზეც ვისაუბრეთ.

primetime.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …