საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან კონკრეტული საავადმყოფოების ამოვარდნა, მათს გაქრობას არ ნიშნავს, – ამის შესახებ “ბიზნესკონტრაქტს” “საქართველოს ექიმთა ასოციაციის” თავმჯდომარემ გია ლობჟანიძემ განუცხადა.
ასე გამოეხმაურა ლობჟანიძე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც სახელმწიფო პროგრამიდან რიგი კლინიკების ამოვარდნას გულისხმობს. ცვლილების მიზეზად ჯანდაცვის სამინისტრო იმ ფაქტს ასახელებს, რომ სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი მომხმარებლებს ფრაგმენტირებულ სამედიცინო მომსახურებას აწვდის, რაც პაციენტის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
“ექიმთა ასოციაციის” თავმჯდომარის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც დღეს მომხმარებელს მხოლოდ ერთ სახის მომსახურებას სთავაზობენ, შესაძლებლობა ეძლევათ სხვა დაწესებულებეთან გაერთიანდნენ, მრავალპროფილურ კლინიკებად ჩამოყალიბდნენ და ისევ ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამაში.
“ყველაზე მთავარი პრობლემა დღეს არის ხარისხი, ხელმისაწვდომობა და იაფი მედიკამენტები. სამედიცინო მომსახურების ხარისხი დღეს კოჭლობს. აქედან გამომდინარე ის ნაბიჯი, რაც გადაიდგა, სწორია. აუცილებელია მრავალპროფილიანი კლინიკები, სადაც გართულების შემთხვევაში პაციენტის გადაყვანა ერთი ქალაქიდან მეორეში კი არ მოხდება, ან ერთი ქუჩიდან მეორეში, არამედ ერთი კლინიკის ერთი ოთახიდან, მეორეში…ე.წ.
მონოპროფილური რეანიმაციის განყოფილებებმა, შეიძლება, ერთ პერიოდში შეასრულა თავისი ვალდებულება, მაგრამ დღეს მოთხოვნილებას ვერ პასუხობს. ადამიანი, რომელიც მოხვდება რეანიმაციაში, გავა 72 საათი, გამოვა მდგომარეობიდან და კარგად არის, პირდაპირ უნდა გაწერო სახლში? კლინიკას თუ არ აქვს განყოფილება, სტაციონარი, სადაც გადაიყვან და 24 საათი დააკვირდები პაციენტს, ასეთ რამ არ შეიძლება. რადგანაც არის შემთხვევები, როდესაც რეანიმაციიდან გამოდის პაციენტი, კარგად არის და შემდეგ ისევ რთულდება”,- აცხადებს გია ლობჟანიძე.
მისი თქმით, ასეთ მონოპროფილურ დაწესებულებებში მუშაობენ ისეთი ექიმები, რომლებსაც სხვა ძირითადი სამუშაოც აქვთ, ამიტომ ცვლილებები მათს უმუშევრობას არ გამოიწვევს.
გია ლობჟანიძე მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან რიგი სამედიცინო დაწესებულებების ამოვარდნა პირველ ეტაპზე გეგმიური მომსახურების მიღებისთვის მოლოდინის რეჟიმს გაზრდის, თუმცა, დროთა განმავლობაში ესეც გამოსწორდება.
“საბოლოო ჯამში, იმისთვის, რომ გააუმჯობესდეს მომსახურების ხარისხი, ამაღლდეს და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, საჭიროა, მუნიციპალური კლინიკების არსებობა ყველა რეგიონში.
ვფიქრობ, სამედიცინო დაწესებულებები საკმარისი იქნება მოსახლეობისთვის. რაც შეეხება გეგმიურ პაციენტებს, თუ აქამდე 1 თვე უწევდათ ლოდინი, შესაძლოა, თვე და 5 დღე მოუწიოთ. მაგრამ ეს ამინდს არ შეცვლის და მოწესრიგდება“,- აცხადებს გია ლობჟანიძე.