იმუნიზაციის საბჭოს უახლოეს სხდომაზე ერთერთ საკითხად 50 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის მეოთხე დოზა კოვიდ-ვაქცინის დაშვება იქნება განხილული.
ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. კულუმბეგოვის განცხადებით, 50 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებმა მესამე დოზა ვაქცინა უნდა დაიმატონ, ხოლო ვისაც სურვილი ექნება, მე-4 დოზის გაკეთების შესაძლებლობაც მიეცეს. იქნება თუ არა ფინანსური წახალისება მე-4 დოზაზეც, სპეციალისტს არ დაუზუსტებია.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას, იმუნოლოგის თქმით, საქართველოს სტატისტიკას თუ შევხედავთ, პანდემია დასასრულისკენ მიდის. კულუმბეგოვის განმარტებით, იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობამ ვაქცინაცია ჩაიტარა ან ვირუსი გადაიტანა, ეს მართვადი დაავადება გახდა. ამასთან, იმუნოლოგმა მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგებს ეშინიათ ჩინეთის „ნულოვანი პოლიტიკის“, როცა ისინი თითოეულ შემთხვევას ებრძვიან და იქ ბუნებრივი იმუნური დაცვა არ არსებობს.
როგორ განვითარდება იქ მოვლენები, მოსახლეობის რა რაოდენობა გადაიტანს ინფექციას და გამოიწვევს თუ არა ეს ახალი შტამის გაჩენას – სწორედ ესაა ახლა მთავარი საფრთხე.
რაც შეეხება საქართველოს, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კოვიდის საწინააღმდეგო იმუნიტეტს მუდმივი მახსოვრობა არ აქვს და შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ ის შეგვისუსტდეს, ამიტომ იმუნოლოგი არ გამორიცხავს, რომ შემოდგომიდან რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაიზარდოს.
თუმცა, მისივე განცხადებით, თუ ამ პერიოდისთვის სწორად და დამიზნებითი ბუსტერ დოზების გაკეთებით მოვემზადებით, შევძლებთ, რომ პანდემია იყოს მაქსიმალურად გაკონტროლებული.