ქვეყანას აქვს რესურსი, დღეში 30 ათასი ადამიანი აცრას. თუმცა შესაძლებელია, მოეწყოს დიდი მარათონი და ამ რიცხვმა 50 ათასსაც მიაღწიოს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ფეისბუქ-ჩართვისას განაცხადა. მან მოიყვანა ისრაელის მაგალითი, რომელმაც თავისი მოსახლეობის 60-70% სამ თვეში აცრა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, იანვრის დასაწყისში ისრაელში დღე-ღამეში ინფიცირების 10-15 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა და 100-ზე მეტი ადამიანი იღუპებოდა, მარტის ბოლოს-აპრილის დასაწყისში კი ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათეულამდე დაეცა და იყო დღეები, როდესაც გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდებოდა.
„აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი ჩვენთვის კრიტიკულია და მინდა, აცრების დღიური მაჩვენებელი 25 ათასზე ნაკლები არ იყოს,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.