დიაგნოზთან დაკავშირებული ჯგუფების (DRG) სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდანაა დაგეგმილი, საკუთარ პოზიციას ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი „ფეისბუქში“ აფიქსირებს.
როგორც წერეთელი წერს, „როგორც იტყვიან სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო“.
„წლების წინ დასანერგი ეს სისტემა როგორ იქნა საქართველოშიც დაინერგება. ნამდვილად პოზიტიური ამბავია….თუმცა თუ ვიმსჯელებთ იმ ინფორმაციით რომელიც ამ ეტაპზეა ცნობილი, კლინიკის ხელმძღვანელების მიერ დღეს გაკეთებული კომენტარებით და ამას დავამატებთ იმ გაკვეთილებს, რაც საყოველთაო ჯანდაცვის სრულიად არასწორ განხორციელებას მოჰყვა, ბევრი კითხვები იბადება რამდენად წარმატებულად დაინერგება ეს სისტემა,“ – წერს წერეთელი.
მისი განმარტებით, DRG სისტემა იძლევა საშუალებას შეიქმნას ეფექტური მექანიზმი პროვაიდერის ანაზღაურებისთვის და საკმაოდ წარმატებული იყო ხარჯების კონტროლში და მკურნალობის ეფექტურობის მიღწევაში, მის ხარისხზე ზედმეტი კომპრომისის გარეშე.
ამასთან წერეთელი აღნიშნავს, რომ DRG-ის წარმატება ეყრდნობა ტარიფების შედგენის მექანიზმს, ისევე როგორც მმართველობის სტრუქტურას. ძლიერ მმართველობას, კარგად განვითარებულ საინფორმაციო სისტემასთან ერთად, შეუძლია შეამსუბუქოს ძირითადი რისკები, უზრუნველყოს მონაცემთა ეფექტური შეგროვება და უზრუნველყოს DRG-ის წარმატებული და შეუფერხებელი მუშაობა.
„მიუხედავად იმისა, რომ სისტემა ძალიან წარმატებულია მთელ მსოფლიოში, მას სჭირდება ძლიერი მმართველობის ჩარჩო წარმატების მისაღწევად. ჯანდაცვის პროვაიდერებმა ალბათ უნდა გაითვალისწინონ ხუთი ყველაზე გავრცელებული რისკი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ სისტემის დანერგვისას არაადეკვატური ზედამხედველობის შედეგად: თუკი გავითვალისწინებთ რამდენად „გაანებივრა“ საქართველოს კერძო ჰოსპიტალური სექტორი არასწორად დანერგილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, ეს რისკები ძალზედ კონკრეტული და შესაბამისად პრობლემური ხდება.
რა 5 რისკზეა საუბარი. ძალზედ მოკლედ, ესენია:
1. Upcoding ანუ კოდირების მომატება: დიაგნოსტიკის კოდირების პრაქტიკისა და პროცედურების შეცვლამ შეიძლება გაზარდოს upcoding-ის რისკი და პაციენტების თაღლითური ხელახალი კლასიფიკაცია ანაზღაურების გაზრდის მიზნით არარსებული კოდების დამატებით. მაგალითად, თუ კონკრეტული კოდისთვის კომპენსაცია განსხვავდება თანმხლები დაავადების დონის მიხედვით, ზოგიერთ პროვაიდერს შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება გამოიყენოს უფრო მაღალი სიმძიმის კოდი, რათა ხელოვნურად გაზარდოს კომპენსაცია.
2. განცალკევება/დაყოფა – უფრო გავრცელებული ფენომენი, ეს ნიშნავს რომ პროვაიდერები (ჰოსპიტალები) ყოფენ ერთ DRG კოდს, რომელიც დაკავშირებულია სერვისების კომპლექტთან, მრავალ ეპიზოდად, კომპენსაციის გასადიდებლად. მაგალითად, ორი DRG კოდი, რომელიც ეხება ორ კორელაციულ დიაგნოზს, რომელთაგან თითოეულს აქვს განსხვავებული წონა სისტემის ქვეშ, გამოიყენება ერთის ნაცვლად.
3. შემთხვევების გადაცემა: DRG-ის ნებისმიერი გაშვება შეიძლება მოიცავდეს იმპლემენტაციისა და კორექტირების შოკებს, როდესაც DRG-ის საწყისი წონა ვერ ასახავს არსებულ ფასების სტრუქტურებს. ეს ტენდენცია შეიძლება უფრო გამოხატული გახდეს, თუ საწყისი წონები იმპორტირებულია სხვა ქვეყნიდან და მორგებულია მხოლოდ ხარჯების შედარებითი დიფერენციალებისთვის!!!. პროვაიდერები, რომლებიც წაგებულ მხარეზე არიან, უბრალოდ პაციენტებს გადაამისამართებენ იქ, სადაც უფრო მაღალი ანაზღაურების მიღება ხდება ამ მკურნალობისათვის ან ზოგჯერ შეიძლეა გაწერონ პაციენტი მის სრულ გამოჯანმრთელებამდე და ასე შეიმცირონ თავისი ხარჯები;
4. გადამისამართება ერთი რეგიონიდან მეორეში.
5. პაციენტის უარყოფა: მაღალი რისკის მქონე პაციენტებს შეიძლება უარი უთხრან მიღებაზე ან სთხოვონ სხვა პროვაიდერებთან გადაყვანა კომპენსაციის არარსებობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ DRG სისტემა მოუწოდებს პროვაიდერებს არ გასცენ არასაჭირო სერვისები, მას ასევე შეუძლია წაახალისოს პროვაიდერები, დაინტერესდნენ დაბალი რისკის მქონე პაციენტებით, ან პირებით, რომლებიც საჭიროებენ მომსახურებას, რომლებიც დაკავშირებულია ზედმეტ კომპენსაციასთან.
სწორედ აქ უნდა იყოს მზად სისტემა, რომ ამ რისკების აცილება მოხდეს თავიდან, რათა მოსახლოებამ დაიჯეროს მისი ავკარგიანობა, ხოლო ჰოსპიტალებს არ მიეცეთ საშუალება დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად გაუთავებლად აკრიტიკონ ეს სისტემა. სწორედ ამიტომ თუ ვიმსჯელებთ იმის მიხედვით რაც დღეს მოვისმინეთ, იბადება კითხვები რამდენად წარმატებულად განხორციელდება ამ სისტემის დანერგვა.
ამ რისკების თავიდან ასაცილებლად სისტემა წინასწარ უნდა იყოს გამართული და სხვა მრავალს შორის ორი მეტად მნიშვნელოვანი ასექტი უნდა იყოს მზადყოფნაში . 1) დღეს კლინიკის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მათ ჯერ არ უნახიათ ახალი კოდური სისტემა და ელოდებიან მის მიღებას სამინისტროსგან. არადა DRG-ს წარმატებულად დანერგვისათვის პროვაიდერებმა უნდა გამოიყენონ კვალიფიციური კადრები კოდირებებისათვის ეთიკის, ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის უმაღლესი გრძნობით. არაადეკვატური გამოცდილების ან ტრენინგის არარსებობის გამო არაა გამორიცხული არასწორი კოდირება. ამიტომ ჰოსპიტალის კადრები უკვე უნდა იყოს ადეკვატურად გაწვრთნილი ინციდენტების არასწორი კოდირების რისკის თავიდან ასაცილებლად. 2) მონაცემთა ანალიტიკური დამუშავება. სპეციალური კომპიუტერული პროგრამების არსებობა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოწოდებული კოდირების მონაცემების გაანალიზება კლინიკის ექიმების, პროვაიდერებისა და გადამხდელების უჩვეულო შაბლონებისა და შეუსაბამო ქცევების გამოსავლენად.
კოდირების მომატება, DRG-ის დანერგვასთან დაკავშირებული სხვა ქცევების გამოვლენა, მოითხოვს დახვეწილ პრაქტიკულ მიდგომას პრეტენზიების მონაცემების შესასწავლად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. გარდა ამისა, ეს ტექნიკა ასევე საჭიროა თაღლითური ქმედებების გამოსავლენად სტატისტიკური კალიბრაციისა და დიაპაზონის ანალიზის მეშვეობით. ეს სასიცოცხლო ინფორმაცია უნდა იქნეს შესწავლილი, რათა მოხდეს DRG წონების დახვეწა და ხელახალი დაკალიბრება.
რამდენად არის ეს ორი ასპექტი გამართული, კადრები მზად, ეს სისტემები შემქნილი და გამოცდილი? გაზიარებული პროვაიდერებისა და პაციენტებისათვის? გავიგებთ ალბათ დროთა განმავლობაში, თუმცა კარგი იქნებოდა უკვე ახლა ყოფილიყო ცნობილი,“ – წერს ზაზა წერეთელი.