5-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა სავარაუდოდ მეორე კვარტლის დასაწყისისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, ვაქცინის მიღების თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს იმ ბავშვების მშობლებმა მიმართეს, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. ამიტომ ისინი ამ პრეპარატის მიღებას განსაკუთრებით ელოდებიან.
გაბუნიას განმარტებით, 5-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის განსხვავებული დოზის ვაქცინაა რეკომენდებული და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ქვეყანამ ვაქცინა მალევე მიიღოს. საუბარია „ფაიზერის“ პრეპარატზე, რომელიც, 5-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის შემცირებული, მესამედი დოზით იწარმოება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 12 წლიდან ბავშვების ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 12-15 წლის ასაკის 3 ათასამდე მოზარდი სრულადაა ვაქცინირებული.