45 წელს გადაცილებულ ორსულებს შეუძლიათ ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ პრეპარატით ჩაიტარონ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვაქცინაცია 45 წლამდე ასაკის ორსულებში შესაძლებელია პფაიზერით, ხოლო 45 წლის და უფროს ორსულებს შეუძლიათ აირჩიონ პფაიზერსა და ასტრაზენეკას შორის.
„მნიშვნელოვანია ვაქცინაციის კურსი დასრულდეს ორსულობის მესამე ტრიმესტრამდე ან მშობიარობამდე, რადგან ამ პერიოდში COVID-19-ის გართულებების განვითარების რისკი არის ყველაზე მაღალი. COVID-19-ის ვაქცინის ერთი დოზა გიცავთ ინფექციისგან, მაგრამ სრულყოფილი დაცვისათვის აუცილებელია ვაქცინის 2 დოზა. ასტრაზენეკას მეორე დოზა კეთდება პირველი დოზიდან 8 კვირის შემდეგ. პფაიზერის დოზებს შორის შუალედი კი 21 დღეა,“- ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ “ასტრაზენეკას“ გამოყენების მინიმალური ასაკი საქართველოში 45 წელია, ორსულების აცრა კი დღემდე მხოლოდ “ფაიზერით“ იყო დაშვებული.
ცნობისთვის: 2020 წელს საქართველოში ბავშვი 45 წელს გადაცილებულმა 414-მა ქალმა გააჩინა. წინა წელს ეს მაჩვენებელი 355 იყო.