მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » 2022 წელს სახელმწიფომ მილიონ 400 ათასი ადამიანის მკურნალობაზე 1,5 მილიარდი ლარი დახარჯა

2022 წელს სახელმწიფომ მილიონ 400 ათასი ადამიანის მკურნალობაზე 1,5 მილიარდი ლარი დახარჯა

2022 წლის მონაცემებით, სახელმწიფომ 1. 5 მილიარდი ლარით 1 430 000 ადამიანის 3 450 000 სამედიცინო შემთხვევა დააფინანსა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯეს-ის მიერ ადმინისტრირებადი, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ბიუჯეტი 90 მილიონით გაიზარდა, მათ შორის, 60 მილიონით – საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება; მარტივდება პაციენტთა რეგისტრაციის პროცედურები და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ყველა სისტემა ელექტრონულ მოდელზე გადადის.

ანგარიშში ყურადღება გამახვილდა 2022 წლის სიახლეებზე. კერძოდ, დაიწყო სპინალურ – კუნთოვანი ატროფიით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტით უზრუნველყოფა; ამოქმედდა ტრანპლანტაციის პროგრამა; გაიზარდა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიური დაფინანსება; საყოველთაო ჯანდაცვას დაემატა ახალი კომპონენტი – ინსულტის, თავის და ზურგის ტვინის დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია. გაიზარდა დიალიზის სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა; მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გულით დაავადებული მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვისთვის – მოიხსნა კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების უსასყიდლო წვდომაზე დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა, ასაკობრივი შეზღუდვა გაუქმდა აბლაციის დაფინანსებაზეც.

ჯეს-ის დირექტორის, თენგიზ გენძეხაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყო, რომლის ერთ-ერთი განმახორციელებელი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოა. „ფართოვდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები, მარტივდება სამედიცინო სერვისებზე წვდომა, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, დაფინანსების ახალი, DRG მოდელი ინერგება, რაც ბენეფიციარებზე ორიენტიერებული, ეფექტიანი ჯანდაცვის პოლიტიკის შედეგია“, – აღნიშნა თენგიზ გენძეხაძემ.

შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, მინისტრის მოადგილეები, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელები, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …