მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » 2021 წელს საქართველოში საკეისრო კვეთების წილი გაიზარდა – კოვიდ 19-ის კიდევ ერთი ნეგატიური შედეგი

2021 წელს საქართველოში საკეისრო კვეთების წილი გაიზარდა – კოვიდ 19-ის კიდევ ერთი ნეგატიური შედეგი

2021 წელს საქართველოში საკეისრო კვეთით მიღებული მშობიარობების წილმა მშობიარობების საერთო რაოდენობაში 42,8% შეადგინა. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 40.6% იყო.

დედის მოთხოვნით, ანუ არა სამედიცინო ჩვენებით, საკეისრო კვეთა შემთხვევათა 16%-ში ჩატარდა. 2020 წელს ეს მონაემი 15% იყო.

ეს სტატისტიკა jandacva.ge-სთან საუბარში “პინეო სამედიცინო სისტემის” სამედიცინო დირექტორმა, გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა ზაზა სინაურიძემ შეაფასა. მისი თქმით, საკეისრო კვეთების ზრდა კოვიდ-პანდემიას უკავშირდება, რადგან პანდემიის პირველ ეტაპზე, როდესაც ვირუსის შესახებ ექიმებს ბევრი ინფორმაცია არ ჰქონდათ, ინფიცირებული ორსულის მშობიარობის ყველაზე უსაფრთხო მეთოდად საკეისრო კვეთა მიიჩნეოდა. თუმცა, სინაურიძის თქმით, დღეს, როცა კოვიდ 19-ის შესახებ მეტი მონაცემი დაგროვდა, გაიდლაინები განახლდა და კორონავირუსით ინფიცირება აღარ არის საკეისრო კვეთის ჩვენება, თუკი ორსულს ფილტვის მძიმე დაზიანება და დაბალი სატურაცია არ აღენიშნება. პირიქით – ზაზა სინაურიძის განცხადებით, საკეისრო კვეთა უფრო დიდი ტრამვაა ქალისთვის, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობა, ინფიცირების პერიოდში მისი ჩატარება კი რისკებს კიდევ უფრო ზრდის.

ზოგადად, მედიკოსის თქმით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საკეისროსთან შედარებით ბევრად მეტი უპირატესობა აქვს და ის, რომ საკეისრო კვეთების 16% მშობიარეების მოთხოვნით ტარდება, ექიმებსა და ორსულებს შორის არასათანადო კომუნიკაციის შედეგია.

„თუკი ექიმი კარგად აუხსნის მშობიარეს ფიზიოლოგიური მშობიარობის უპირატესობებს, ქალი აუცილებლად მიიღებს შვილის ბუნებრივი გზით გაჩენის გადაწყვეტილებას. ჩვენი კლინიკა სწორედ ამ პრაქტიკით ხელმძღვანელობს და მეტიც: ნაკეისრალი ქალების მეორე მშობიარობების 45% ჩვენთან ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე მოდის. ასეთი შემთხვევების მართვა კიდევ უფრო რთულია და უფრო მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს. სამწუხაროდ, იმ ქალების დიდი ნაწილი, რომლებმაც კოვიდის გამო საკეისრო კვეთა ჩაიტარეს, მეორე შვილს ასევე საკეისროთი გააჩენს. ასე რომ, კოვიდის შედეგები კიდევ დიდხანს დაგვხვდება წინ,“ – განაცხადა jandacva.ge-სთან საუბარში საუბარში “პინეო სამედიცინო სისტემის” სამედიცინო დირექტორმა.

ცნობისთვის: მედიკოსები ბუნებრივი მშობიარობის მთავარ უპირატესობად ახალშობილში სხვადასხვა გართულების, მათ შორის სასუნთქი და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების დაბალ რისკს ასახელებენ.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქირურგიული  მეთოდის გამოყენება მშობიარობათა  მხოლოდ  10-15%-შია აუცილებელი – როდესაც ფიზიოლოგიური მშობიარობა ნაყოფის ან დედის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და ქირურგიული ჩარევის  აუცილებლობა სამედიცინო ჩვენებით დასტურდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის  2016 წლის მონაცემებით, საკეისრო კვეთის მაჩვენებელი მშობიარობის საერთო რაოდენობის 43%-ს შეადგენდა. ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლობის გარეშე საკეისრო კვეთების რიცხვის შესამცირებლად რეგულაციები აამოქმედა.  2017 წლის პირველი მარტიდან ჯარიმები დაწესდა იმ კლინიკებისთვის, რომლებიც სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საკეისრო კვეთებს არ შეამცირებენ.

ჯარიმების ამოქმედებამდე სახელმწიფომ კლინიკებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა თანახამდ ექიმი ვალდებულია, განუმარტოს მშობიარეს ამ სახის ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები, რათა შეეცადოს გადააფიქრებინოს ამ სახის ოპერაციის ჩატარება. ამასთან სახელმწიფომ უარი თქვა იმ საკეისრო კვეთების სრულად დაფინანსებაზე, რომლებიც პაციენტის მოთხოვნით ტარდება. ასეთ შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მხოლოდ ფიზიოლოგიური მშობიარობის ღირებულებას, 500 ლარს იხდის.  300 ლარის დამატება კი მშობიარეს უწევს.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …