მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება იქნება
მთავრობამ 2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე მუშაობა უკვე დაიწყო. ორი კვირის წინ პრემიერმინისტრმა პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით შეხვედრა გამართა.

2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება იქნება

მთავრობამ 2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე მუშაობა უკვე დაიწყო. ორი კვირის წინ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით შეხვედრა უკვე გამართა.

 რა იქნება მომავალი წლის პრიორიტეტები, შეიცვლება თუ არა ისინი რადიკალურად და რამდენად რეალურია მომავალი წლის ბიუჯეტი? ნოდარ ხადური “აიპრესთან” საუბრისას აცხადებს, რომ ჯანდაცვა და სოციალური საკითხები ძირითად პრიორიტეტებად რჩება. 

მისივე თქმით, ბიუჯეტზე მუშაობა მთავრობაში ჯერ კიდევ გრძელდება. მუშაობა გაგრძელდება პარლამენტთან ერთად და დოკუმენტს პარლამენტში მთავრობა სექტემბრის ბოლომდე წარადგენს. კანონპროექტი ჯერ განიხილება საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებში და საკანონმდებლო ორგანო მომავალი წლის ბიუჯეტს დეკემბრის შუა რიცხვებში დაამტკიცებს.

“ცხადია, არის დარგები, რომლებზეც ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულებები და ეს ხარჯები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. მინდა გითხრათ, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი სამ მილიარდ ორას მილიონამდე იქნება. ამაში შედის გაორმაგებული ჯანდაცვის ხარჯები და საპენსიო მომსახურება. შესაბამისად, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ჯანდაცვა და სოციალური პრობლემებია”, – განმარტავს მინისტრი.

ნოდარ ხადურის თქმით, ამავდროულად მთავრობა მუშაობს დამატებითი რესურსების მოსაზიდად განათლების სექტორის დასაფინანსებლად.

“ჩვენ ვაგრძელებთ სერიოზულ მუშაობას იმაზე, რომ მოვიზიდოთ დამატებითი რესურსები და სახსრები განათლებისთავის და მიგვაჩნია, რომ განათლება არის ერთ-ერთი სერიოზული პრიორიტეტი ჩვენთვის. ცხადია, ყველა სხვა მიმართულებით, რომლებზეც დაწყებული გვაქვს პროექტები, ასევე გაგრძელდება და განსაკუთრებული ყურადღება მინდა დავუთმო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჩვენი ინფრასტრუქტურა შორსაა სრულყოფილი იდეებისაგან და აი ახლაც, ამ წუთას ძალიან ბევრი სამუშაო მიმდინარეობს, რომელიც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ეს არის როგორც გზები, წყალგაყვანილობა, სხვა მიმართულებები, მათ შორის ნაპირსამაგრი სამუშაოები და ჩვენ წელს ვაპირებთ მილიარდი ლარი დავხარჯოთ ამ მიმართულებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე მოგვიანებით გეტყვით“, – განაცხადა მინისტრმა “აიპრესთან” საუბრისას.

ipress.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …