მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება – კულუმბეგოვი იმ ადამიანებს აფრთხილებს, რომლებსაც კოვიდი არ გადაუტანიათ და აცრა არ სურთ

14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება – კულუმბეგოვი იმ ადამიანებს აფრთხილებს, რომლებსაც კოვიდი არ გადაუტანიათ და აცრა არ სურთ

“მილიონ-ნახევარი ადამიანის იმუნური სისტემა „ომიკრონს“ მოუმზადებლად ხვდება, ვისაც ვაქცინაც არ უნდა და არც ვირუსი აქვთ გადატანილი, ამ ადამიანების 1%, დაახლოებით, 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კულუმბეგოვის თქმით, „ომიკრონს“ უფრო სწრაფი გავრცელება შეუძლია და ის მოსახლეობის 99%-ს შეხვდება.

„საბედნიეროდ, მიმდინარეობა მძიმე არ ჩანს, მაგრამ, ჯერჯერობით, როგორც ვხედავთ, არ არის იმაზე უფრო მსუბუქი, „დელტა“ ვარიანტთან მიმართებით. ამიტომ, სამწუხაროდ, კარგი პერსპექტივა არ გვაქვს.

ჩვენს მოსახლეობას არ მოსწონს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა: მილიონ -ნახევარი ადამიანის იმუნური სისტემა „ომიკრონს“ მოუმზადებლად ხვდება, ვაქცინაც არ უნდათ და არც ვირუსი აქვთ გადატანილი, ამ ადამიანების 1%, დაახლოებით, 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება. ეს არის სამწუხარო რეალობა, რადგან ვერ დარჩება საქართველოში ვერცერთი ადამიანი, „ომიკრონის“ გავრცელების მასშტაბით, ის მოსახლეობის 99%-ს შეხვდება. გვექნება ვაქცინაცია, ან გადატანილი იმუნიტეტი? – სიკვდილიანობა და დაზიანება მინიმალური იქნება. შევხვდებით იმუნური სისტემის მომზადების გარეშე? – მაშინ, სამწუხაროდ, ათასი ინფიცირებულიდან 10 ადამიანი გარდაიცვლება. ეს არის სამწუხარო რეალობა. გამოსავალი არსებობს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაფიქრდეს ყველა და გადაწყვეტილება მიიღოს.

თუ დღეს გვაქვს 3-დან 5 ათასამდე შემთხვევა, „ომიკრონის“ დომინაციის შემთხვევაში შეიძლება, ოფიციალურად გამოვლენილმა ყოველდღიურმა შემთხვევებმა 10 000-ს გადააჭარბოს, რაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის კატასტროფა იქნება, სრული კოლაფსი წინაშე დაგვაყენებს. ამის რისკი არსებობს. მოსახლეობის ნახევარი მიმღებია ამ ინფეცქციის მიმართ, ის ადამიანები, რომლებსაც არც ვაქცინა უნდათ, არც ინფექცია აქვთ გადატანილი. ეს სერიოზული რისკის წინაშე გვაყენებს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, ადამიანებმა ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიკეთონ და ვისაც ეკუთვნის, „ბუსტერ“ დოზა დაიმატონ.

„აქ არაფერი გასაკვირი არაა. ნებისმიერი ვარიანტი, განსაკუთრებით ის, რომელიც დომინაციისკენაა მიდრეკილი, წინა ვარიანტს სჯობნის გავრცელების სიჩქარით, ის აუცილებლად გახდება დომინანტური.
ეს აუცილებლად მოხდება, ევოლუციური კანონზომიერებაა. აქ არაფერი განსაკუთრებული არაა.

საქართველო არაა იზოლირებული ქვეყანა და ვერ მოხერხდება ის, რომ „ომიკრონისგან“ მუდმივად თავი დავიცვათ. დღეს ვხედავთ, როგორი გავრცელების სისწრაფე აქვს „ომიკრონს“ევროკავშირის ქვეყნებში. ამის მაგალითია ბრიტანეთი. რამდენიმე კვირის წინ დაფიქსირდა და დღეს ლონდონის ყოველდღიური შემთხვევების 44 % უკვე „ომიკრონია“. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალ ტალღას ელოდებიან. ვირუსის ამ ვარიანტს აქვს გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები. პრაქტიკულად, ინფიცირების გარეშე ვერცერთი ადამიანი ვერ გადარჩება. ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს.

მისგან დაცვის შესაძლებლობა არის პირბადე და ის, რომ ადამიანი ახალ შტამს იმუნური დახვდეს, ან გადატანილი უნდა ჰქოდნეს ინფექცია, ან ვაქცინირებული უნდა იყოს. მეტი სხვა შემაკავებელი ღონისძიება მსოფლიოს და ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია.

თუ დავუშვებთ, რომ სიკვდილობასა და ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით„დელტა“ ვარიანტის რისკებს შეინარჩუნებს, ეს ყველა ქვეყნისთვის ახალი ტალღისა და კატასტროფის ტოლფასია. ჯერჯერობით, მონაცემები იმის შესახებ, რომ უფრო მსუბუქია, არ არის, მაგრამ კარგია თუნდაც ის, რომ უფრო მძიმედ მიმდინარეობაზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს. მესამე – სამწუხაროდ, ბუნებრივ იმუნიტეტს და ვაქცინით შეძენილ იმუნიტეტს ეს ვარიანტი ემალება. საკმაოდ მაღალია რეინფიცირების შემთხვევები და ვაქცინით ორჯერ აცრილ ადამიანებშიც ინფიცირების შემთხვევებია, მაგრამ კარგი ინფორმაცია ის გახლვათ, რომ მესამე – “ბუსტერის” დამატების შემთხვევაში, დაცვის მაჩვენებელი თითქმის 75 %-ს უტოლდება, როდესაც ორი ვაქცინის შემდგომ მხოლოდ 35%-ია. აადამიანებმა ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიკეთონ , ვისაც ეკუთვნის, „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ აცრიდან 5 თვეში, „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ გაკეთებიდან 3 თვეში ვაქიცინის „ბუსტერ“ დოზა უნდა დაიმატონ. ეს ერთადერთი გამოსავალია, რათა ჩვენ წინ აღვუდგეთ ინფექციის დამაზიანებელ მოქმედებას, რომელსაც ყველა შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა იგრძნობს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მან „ომიკრონის“ სიმპტომებზეც ისაუბრა.

„ამბობენ, რომ ახასიათებს კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი. ეს სიმპტომები არის უფრო წინა პლანზე, რაც ნებისმიერი რესპირაციული დაავადებისთვის არის იდენტური. ერთადერთი შესაძლებლობა, ადამიანმა დაადგინოს, აქვს თუ არა ვირუსის ესა თუ ის ვარიანტი, არის ტესტირება. კლინიკური სიმპტომებით ვირუსული დაავადების ამოცნობა, პრაქტიკულად, შეუძლებელია“, – განაცხადა კულუმბეგოვმა

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …