მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » 10 საავადმყოფოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან აძევებენ
1-ლი თებერვლიდან დაახლოებით 10 საავადმყოფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშება - ჯანდაცვის სამინისტრო მათთან თანამშრომლობას წყვეტს.

10 საავადმყოფოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან აძევებენ

1-ლი თებერვლიდან დაახლოებით 10 საავადმყოფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშება – ჯანდაცვის სამინისტრო მათთან თანამშრომლობას წყვეტს.

მიზეზად სახელდება ის, რომ კლინიკების მენეჯმენტი დაზღვევის ფულის დიდ ნაწილს არა პაციენტის მკურნალობაზე და ექიმებისა და მედპერსონალის ანაზღაურებაზე, არამედ საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებს. სამინისტრო “ამის მოთმენას არ აპირებს”. შეიძლება 1-ლი მარტიდან ამ 10 კლინიკის ბედი სხვებმაც გაიზიარონ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს და რეფორმების ე.წ. პირველი ტალღა უკვე დასრულდა. 1 თებერვლიდან კი ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმების მეორე ტალღას საავადმყოფოების მომსახურების “გამოსწორებით” იწყებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ამბობს, რომ საავადმყოფოების ნაწილს არსებული ვითარების გამოსწორების შესაძლებლობა ეძლევა, თუმცა ნაწილთან კონტრაქტის გაწყვეტაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

არც სოფრომაძე და არც მინისტრი დავით სერგეენკო არ აკონკრეტებენ იმ კლინიკებს, რომელთაც სახელმწიფო დაფინანსებიდან ჩამოშორების განაჩენი უკვე გამოუტანეს.

მინისტრის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებები პროგრამის მთავარ მოთხოვნას – პაციენტის მომსახურეობის ხარისხის შესახებ – ვერ აკმაყოფილებენ. დავით სერგეენკომ ერთი კვირის წინ კლინიკების მმართველებთან შეხვედრაზე ისაუბრა იმ პრობლემებსა და პრეტენზიებზე, რომელიც სამინისტროს საავადმყოფოებთან აქვს.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ლმობიერი დამოკიდებულების გამო სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს მცდარი მოლოდინი გაუჩნდათ – მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდების ზრდაზე ზრუნვა დაიწყეს და პაციენტების საჭიროებებს მინიმალურ ყურადღებას აქცევდნენ, “სახელმწიფო კი ამის მოთმენას არ აპირებს.”

“იკვეთება კლინიკები, რომელთა ანალიზის შედეგად დავინახეთ, რომ ჩვენს მიერ გადახდილი თანხების უდიდესი ნაწილი მიემართება ე.წ. არაპირდაპირი ხარჯებისკენ, რაც არის მენეჯმენტის და მმართველების მოგება და მინიმალური ნაწილი მიემართება პაციენტის მოვლისკენ და იმ ექიმების, ექთნებისა და მედპერსონალის ანაზღაურებისკენ, ვინც უშუალოდ უვლის პაციენტს. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ კლინიკებთან თანამშრომლობას არ გავაგრძელებთ,” – განაცხადა სერგეენკომ, რომელსაც შენიშვნები აქვს როგორც მონოპროფილურ მცირე კლინიკებთან, ისე დიდ საავადმყოფოებთანაც. პრეტენზიები კი, მინისტრის ჩამონათვალში, არც თუ მცირეა.

სერგეენკომ განაცხადა, რომ რადგანაც ანაზღაურების სისტემა გადაუდებელ შემთხვევებში 100%-ით ფინანსდება, ხოლო გეგმიურის დროს 70%-80%-ით, ზოგჯერ კლინიკები გეგმურ სამედიცინო მომსახურებას გადაუდებლის კვალიფიკაციას აძლევენ.

“იკვეთება კლინიკები, რომლებმაც მოიფიქრეს არარსებული ნონსენსი და დააფუძნეს ისეთი ფრაგმენტული სერვისები, როგორიც არის მხოლოდ რეანიმაციული განყოფილება. ქუჩიდან იღებენ პაციენტს და შემდეგ ქუჩაშივე უშვებენ,” – აღნიშნავს სერგეენკო.

მისივე თქმით, ასევე არის შემთხვევები, როდესაც კლინიკების მიერ სახელმწიფოსთვის მოთხოვნილი თანხა 90%-ით გადახდილია, 10%-ია დარჩენილი, როგორც არაჯეროვანი და სადაო, კლინიკის მენეჯმენტი კი ამას იყენებს საფუძვლად, რომ ექიმებს და ექთნებს უთხრას, თითქოს სახელმწიფო არ იხდის თანხას და ამ მიზეზით ხელფასებს არ გასცემს.

ასევე პრობლემაა ის, რომ სამედიცინო დაწესებულებებს მოწესრიგებული არა აქვთ ეზოები.

მინისტრმა ერთ-ერთი დიდი კლინიკური გაერთიანებით უკმაყოფილება გამოთქვა, რომელიც თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში უარს ამბობს თავისი ეზოს მოწესრიგებაზე, რომელიც სამედიცინო ნარჩენებითაა დაბინძურებული.

“მათგან ვისმენთ, ეს ტერიტორია კლინიკებს შორის განაწილებული არ არის და ეს როგორ მოვახერხოთო. სამაგიეროდ შესასვლელში არის შლაგბაუმი, რომელიც ყველაზე უფრო გამართული აპარატია იმ კლინიკაში და კარგად მუშაობს და მჯერა, რომ ამ შლაგბაუმიდან მიღებულ შემოსავლებს დიდი წარმატებით ინაწილებენ,” – განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, მონიტორინგისას ასევე დაფიქსირდა, რომ კლინიკები არც თუ ისე იშვიათ შემთხვევაში, მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტს სტაციონარიდან დროზე ადრე წერდნენ, ის ერთი თვის განმავლობაში განმეორებით ან განმესამებით შედიოდა იგივე ან სხვა კლინიკაში, ეს ხდებოდა იმისათვის, რომ ამ კლინიკებს ზედმეტი თანხა გამოეწერათ და ამას პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე აკეთებდნენ.

“მწვავე ფსიქოზის დროს პაციენტს განსაკუთრებული მოვლა და მკურნალობა სჭირდება. სამწუხაროდ ამ ყველაფრის უკან რეალურად ფინანსური ინტერესები დგას, მათ შორის იმ კლინიკების, რომლებიც ბოლო პერიოდში ყველაზე მეტს ხმაურობენ,” – განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრს პრეტენზიებზე საუბრისას არც ერთი კლინიკა არ დაუსახელებია. მინისტრთან შეხვედრაზე მყოფმა წამყვანი კლინიკების მმართველებმა კი გამოთქმული პრეტენზიები საკუთარ თავზე არ მიიღეს. ზოგმა ისიც კი განაცხადა, რომ პრეტენზიები ძირითადად მონოპროფილურ დაწესებულებებს ეხებათ და არა დიდ და ფართო პროფილურ კლინიკებს.

მცირე სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენელთა ნაწილი მთავრობის მიერ კლინიკების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით რისკს ხედავს. ისინი თვლიან, რომ მთავრობას ამ პროცესში ბაზრის მსხვილ მოთამაშეებთან პრივილეგირებული დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს.

ოპოზიცია ამ რეფორმას ეჭვის თვალით უყურებს და აცხადებს, სამინისტროსთან ბაზრის მსხვილ მოთამაშეები გარიგებას შეძლებენ, მცირე კლინიკები კი გაიწირებიან.

ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ამ სამინისტროს გადაწყვეტილებამ შეიძლება მცირე სამედიცინო დაწესებულებების გაკოტრება გამოიწვიოს.

“სამედიცინო სექტორის ნაწილი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება და ის შემდეგ პაციენტების ჯიბეზე გადავა. კერძო საავადმყოფოები შეიძლება გაკოტრდნენ და მათ მსხვილი მოთამაშეები იყიდიან. ხოლო პაციენტის მხარეზე პრობლემა იქნება ის, რომ გაიზრდება რიგები იმ საავადმყოფოებში, სადაც საყოველთაო ჯანდაცვა დარჩება, გაიზრდება ლოდინის პერიოდიც პაციენტებისთვის. ანუ, ადამიანმა შეიძლება რიგს ელოდოს არა 2 ან 3 თვე, როგორც დღეს არის, არამედ გაცილებით მეტხანს,” – ამბობს ჭიაბერაშვილი.

resonancedaily.com

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …