ბოლო 10 დღეში ქვეყანაში აქტიური კოვიდპაციენტების რაოდენობა გაორმაგდა – თუ 4 ოქტომბერს ეს მაჩვენებელი 16600 იყო,დღეს უკვე 33 ათასია.
ნელი ტემპით, თუმცა იზრდება კლინიკებში მოთავსებული ინფიცირებულების რაოდენობა – გუშინ ეს რიცხვი 4894 იყო, დღეს კი 5153-ია. ანუ მხოლოდ ერთ დღეში ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა 259-ით გაიზარდა.
რამდენიმედღიანი კლების შემდეგ, ისევ დაიწყო კრიტიკული პაციენტების რაოდენობის მატება – დღეს ქვეყანაში 262 კრიტიკული კოვიდპაციენტია, გუშინ 249 იყო.
რაც შეეხება რეპროდუქციის ინდექსს, რაც ერთი პაციენტის მიერ ინფექციის გადაცემის ინტენსივობას გამოხატავს, ის ბოლო დღეებში 1,7-ს შეადგენს, რაც, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მაღალი მაჩვენებელია. ეს ნიშნავს იმას, რომ 10 ინფიცირებული საშუალოდ 17 ადამიანს აავადებს. რამდენიმე კვირის წინ ეს მაჩვენებელი 0,8-0,9-ის ფარგლებში იყო – ანუ 10 პაციენტი 8-9 ადამიანს აინფიცირებდა.