პირველი ივლისის შემდეგ, ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნის მიუხედავად, სოციალური ღონისძიებების გამართვის აკრძალვა ისევ ძალაში რჩება. ასევე ნარჩუნდება კვების ობიექტებში, ერთ მაგიდასთან 6-ზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვა. ამის შესახებ jandacva.ge-ს შრომის ინსპექციის დეპარტამენტში განუმარტეს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნულ დარღვევებზე მოქმედი ჯარიმები ისევ იმოქმედებს. უწყებაში განმარტავენ, რომ პარლამენტმა უნდა განსაზღვროს კონკრეტული თარიღი, რომლამდე გამოწერილ ჯარიმებსაც ამნისტია შეეხება. ამ თარიღის შემდგომ პერიოდში კი ჯარიმები ისევ ძალაში იქნება და სავარაუდოდ, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით შენარჩუნდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოვიდრეგულაციების დარღვევაზე გამოწერილი ჯარიმების ამნისტია დააანონსა. მისი თქმით, ამნისტია შეეხება იმ პირებს, რომლებსაც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა, ამნისტია შეეხება.
ღარიბაშვილის თქმით, ამნისტია შეეხება იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ ჯარიმებს.
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევაში კომენდანტის საათის დარღვევაც იგულისხმება.
„ამ ინიციატივის ფარგლებში ამნისტია შეეხება და როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან, ასევე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება დაახლოებით 245 000 ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და 344 იურიდიული პირი. საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
იმის შესახებ, რომ სოციალური ღონისძიებები კორონავირუსის გავრცელების მთავარი წყაროა, ეპიდემიოლოგები მუდმივად აცხადებდნენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ სხვადასხვა კლასტერი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ხალხმრავალ სუფრებს უკავშირდებოდა. კლასტერები კი, თავის მხრივ, ვირუსის საყოველთაო გავრცელების ერთერთი მთავარი წყაროა.
განსაკუთრებული საფრთხეებიდან გამომდინარე, აპრილის დასაწყისში სოციალური ღონისძიებების აკრძალვის აღსრულების მიზნით ხელისუფლებამ რეგულაციებიც კი გაამკაცრა.
ცვლილებით, ფართის იჯარით გაცემისას გამქირავებელი ვალდებული გახდა, დამქირავებელს ხელშეკრულებაში ჩაუდოს პირობა, რომ მისი ფართის გამოყენება არ მოხდება სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით.
მსგავსი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თუ გამქირავებლისთვის ცნობილი გახდება, რომ დამქირავებელი ფართს სოციალური ღონისძიების გასამართად იყენებს, ის ვალდებულია, ამის შესახებ შრომის ინსპექციას შეატყობინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალური ღონისძიების ჩატარების ფაქტის აღმოჩენის შემდეგ, გამქირავებელი ათი ათასი ლარით ჯარიმდება, კანონდარღვევის გამეორების შემთხვევაში კი, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
რამდენად ეფექტიანი იქნება ჯარიმების ამოღება ამნისტიის მოქმედების თარიღის შემდეგ დაფიქსირებულ დარღვევებზე? ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია პანდემიის მეოთხე ტალღის მოლოდინისა და ვაქცინაციის დაბალი ტემპების პირობებში.
სპეციალისტების ნაწილმა უკვე გააპროტესტა ამნისტია და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ისაუბრა. ვახტანგ კალოიანის თქმით, ეს გადაწყვეტილება იმ პირობებში თუ გარანტირებულად არ იქნება ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი უზრუნველყოფილი, დიდი რისკის შემცველია.
ამასთან, მედიკოსის განმარტებით, ჯარიმების მიღმა მოსახლეობასთან უფრო აქტიური კომუნიკაცია უნდა ხდებოდეს, რათა უკეთესად დაინახონ არსებული საშიშროება და ისე მიიღონ გადაწყვეტილება.
„ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ძალიან სარისკო გადაწყვეტილებაა იმ პირობებში, თუ კი არ იქნება გარანტირებული ვაქცინაცია. თუ ჩვენ სექტემბრისთვის ვერ გვეყოლება ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვანი რაოდენობა აცრილი, ეს ეპიდემიოლოგიურად ძალიან მძიმე შემოდგომას გვიქადის. არის ასევე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, თქვენ გახსოვთ, ჩვენ გვქონდა ნიღბის გამოყენების 70%-იანი მაჩვენებელი, რაც საზოგადოებრივი თვითშეგნების ძალიან კარგი მაჩვენებელია. უბრალოდ ამას სჭირდება მუდმივი მართვა და კომუნიკაცია მოსახლეობასთან”, – აცხადებს ჯანდაცვის სპეციალისტი.
ალერგოლოგ-იმუნოლოვი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ რეგულაციების დარღვევის გამო მოქალაქეების ჯარიმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ცუდი არ არის, მაგრამ გარკვეულწილად უსამართლობის განცდას ბადებს.
„ადამიანები, რომლებმაც გადაიხადეს ეს ჯარიმა, დათრგუნულად გრძნობენ თავს. არც დამთავრებულა შეზღუდვები, პირველ ივლისამდეა ეს დაანონსებული, ამიტომ ადამიანებს ზუსტად უნდა განვუმარტოთ, როდის შედის ძალაში მსგავსი ტიპის ამნისტია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტი განმარტება მოყვეს ამ საკითხს. ზოგადად, როცა ადამიანებს უჭირთ, მსგავსი ტიპის ამნისტია მისასალმებელია, მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება უკან შემოგვიბრუნდეს და ადამიანების ჯანმრთელობაზე, ვირუსით გამოწვეულ სერიოზულ დაზიანებაზე აისახოს, რადგან ისინი გათამამდნენ და ჩათვალონ, რომ რეგულაციების დაცვა აუცილებელი არ არის, რადგან ნებისმიერი ფორმით ჯარიმა რაც არ უნდა შინაარსს ატარებდეს და რაოდენობით გამოიხატებოდეს, სახელმწიფო მათ ამნისტიას დაუქვემდებარებს. ამიტომ ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია და მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ამ ეტაპზე მოხსნილია კიდევ ერთი რეგულაცია – ღია ცის ქვეშ ნიღბების ტარების ვალდებულება. ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის ბოლო მონაცემებით, ნიღბის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაშ 66%-ია.