2022 წლის პირველ 6 თვეში 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 90% კოვიდ-ვაქცინის პირველი ორი დოზით უნდა იყოს აცრილი, 50% კი – ბუსტერით. იგივე პერიოდში ქვეყნის მოსახლეობის 65% ვაქცინირებული უნდა იყოს, რისთვისაც აუცილებელი იქნება ვაქცინაციის ტემპის ორჯერ გაზრდა და შენარჩუნება მთელი ასაცრელი პერიოდის განმავლობაში.
ამის შესახებ საუბარია კოვიდ-ვაქცინაციის განახლებულ ეროვნულ გეგმაში. დოკუმენტში ცვლილებები საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა.
დოკუმენტის თანახმად, მაღალი ასაკობრივი ჯგუფი (>60) ყველაზე მეტად მოწყვლადია COVID-19 ინფექციის არასასურველი გამოსავლების კუთხით (სიკვდილიანობა, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი), შესაბამისად განახლებული გეგმა ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის 2022 წლის პირველ 6 თვეში პირველი ორი და ბუსტერული დოზით მოცვის ყველაზე მაღალ სამიზნეს ისახავს.
გეგმის თანახმად, იგივე ასაკობრივი ჯგუფის 85% უნდა აიცრას ბუსტერული დოზით 2022 წლის ბოლომდე.
შემდგომი ასაკობრივი ჯგუფის – 50-59 წლის მოსახლეობის – აცრის სამიზნე პირველ 6 თვეში 85%-ს შეადგენს. მათი ბუსტერული დოზით აცრა 40% და 80%-იანი მოცვით უნდა განხორციელდეს წლის პირველ და მეორე ნახევარში.
„გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, ბუსტერული დოზის მიღებიდან ორ კვირაში ომიკრონით სიკვდილისგან დაცვა 50 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში იზრდება 60% დან 95%-მდე; პფაიზერის ბუსტერული დოზა ასევე იძლევა ომიკრონის შედეგად ჰოსპიტალიზაციისაგან მაღალი დონის დაცვას, რომელიც აჭარბებს 90%-ს აცრიდან პირველ 10-14 კვირაში და შემდგომში ნარჩუნდება 75% ის დონეზე,“- აღნიშნულია იმუნიზაციის განახლებულ გეგმაში.
18-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში კი აცრა ასევე მაღალ სამიზნეს ისახავს – 78% პირველი ორი დოზით 2022 წლის პირველ 6 თვეში.
რაც შეეხება ვაქცინაციის დანერგვას ბავშვთა პოპულაციაში (12 წლამდე ჯგუფში), იგი დამოკიდებული იქნება ჯანმოს მიერ ვაქცინ(ებ)ის ავტორიზაციის სტატუსზე და გლობალურად და საქართველოში ომიკრონის შტამის დომინირების პირობებში ზოგადად 18 წლამდე ასაკის პოპულაციის აცრის მიზანშეწონილობის ჯანმოს საბოლოო რეკომენდაციაზე, შესაბამისად, ვაქცინაცია და მისი სამიზნე განსაზღვრულია 2022 წლის ბოლოსთვის.
გეგმა ასევე ითვალისწინებს ვაქცინის მე-4 დოზით აცრას, რომლის დაწყება დამოკიდებული იქნება მტკიცებულებებზე მესამე დოზის შემდეგ იმუნური პასუხის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით გლობალურად და საქართველოში ომიკრონის შტამის დომინირების პირობებში.
სტატისტიკური მონაცემებით, ამ ეტაპზე 60-65 წლის ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 10%-ია აცრილი ორი დოზით, 65-69 წლის ასაკობრივ ჯგუფში ეს მონაცემი 9%-საც ვერ აღწევს, 70-74 ასაკობრივ კატეგორიაში კი 6%-ზე ოდნავ მეტია.