სიტუაცია მსოფლიოში: · 2016 წლის 11 მაისის მონაცემებით, 58 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ფიქსირდება ზიკა ვირუსის გადაცემა.
- 2015 წლიდან, 45 ქვეყანაში დაფიქსირდა ზიკა ვირუსის პირველადი აფეთქება, ამ ქვეყნებში დღემდე გრძელდება ზიკა ვირუსის გავრცელება კოღოს მეშვეობით.
- 2007-2014 წლებში, მხოლოდ 13 ქვეყანა აცხადებდა ზიკა ვირუსის აფეთქების და გავრცელების შესახებ.
ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა:
- 9 ქვეყანაში ფიქსირდება ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა, სავარაუდოდ სქესობრივი გზით;
- მიკროცეფალია და ნაყოფის სხვა მალფორმაციები, რომლებიც პოტენციურად უკავშირდება ზიკა ვირუსის ინფექციას ან თანდაყოლილ ინფექციას, დაფიქსირდა 7 ქვეყანაში ან ტერიტორიაზე.
- ზიკა ვირუსის ცირკულაციის არეალის ზრდასთან ერთად 13-მა ქვეყანამ განაცხდა გიენ ბარეს სინდრომის ინციდენტობის ზრდის და/ან გიენ ბარის სინდრომით დაავადებულებში, ზიკა ვირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურების შესახებ.
- კვლევების საფუძველზე, არსებობს მეცნიერული მოსაზრება, რომ გიენ ბარეს სინდრომისა და მიკროცეფალიების გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს ზიკა ვირუსი.
- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შექმნილი გლობალური პრევენციისა და კონტროლის სტრატეგია, მოიცავს ეპიდზედამხედველობას, რეაგირების აქტივობებს და კვლევას. ძირითადი ღონისძიებები ხორციელდება ერთობლივად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული პარტნიორების მიერ, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციის საპასუხოდ.
2016 წლის 18 მაისს ჯანმომ გამოაქვეყნა რისკის შეფასების შუალედური ანგარიში, სადაც საქართველოს შავიზღვისპირა ტერიტორია მიჩნეულია გადამტანი კოღოს Ae. aegypti არსებობის გამო ზიკას ტრანსმისიის მაღალი ალბათობის მქონედ – მადეირასთან და რუსეთის შავიზღვისპირა ტერიტორიებთან ერთად.
რისკების შეფასებისას გასათვალისწინებელია 2 ფაქტორი:
- გადამტანის არსებობა – ესაა Ae. Aegypti რომელიც ჩვენთან არსებობს და
- დაავადებული ადამიანი – რომლისგანაც ინვაზირებული Ae aegypti-ის კბენის ან სქესობრივი გზით შეიძლება გავრცელდეს დაავადება;
ჩვენთვის 2014 წლიდანაა ცნობილი Ae. aegypti-ის გავრცელების შესახებ შავიზღვისპირეთის შეზღუდულ ტერიტორიებზე. 2015 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო ფართომასშტაბიანი ღონისძიებები გადამტანებთან ბრძოლის მიზნით.ამ სამუშაოების ფარგლებში 2015 წელს დამუშავდა 6 200 000 მ2 საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი, ასევე 900 ჰა-მდე წყალსატევები და ტყისპირა ზოლი.
ზიკა ვირუსის საფრთხეების გამოვლენისთანავე ცენტრის მიერ შემუშავდა სპეციალური სამოქმედო გეგმა, რომელიც დამტკიცებულია დირექტორის ბრძანებით:
გაძლიერდა ეპიდზედამხედველობა და ლუგარის ცენტრში შეიქმნა დიაგნოსტკური შესაძლებლობები გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე, ენტომოლოგიური მონიტორინგი გადამტანებზე, მოსახლების და განსაკუთრებით – დაზარალების ქვეყნებში გამგზავრის მსურველთა ინფორმირებულობის ამაღლება: ინფორმაცია პრევენციული საშუალებების, დაავადების რისკების და გავრცელების შესახებ მიეწოდა საქართველოს სპორტისა ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, ყველა ტურსააგენტოს – რომელიც ოპერირებს ამ მიმართულებით.
ფინანსთა სამინსტროს შემოსავლების სამსახურის მიერ უზრუნველყოფილია მოქალაქეთა ინფორმირება უშუალოდ საზღვრებზე.
კოღოს გავრცელების სეზონი საქართველოში საშუალოდ 6-7 თვეა და შესაბამისად გადამტანის არსებობასთან დაკავშირებული რისკიც ამდენივე ხანს გასტანს. სახელმწიფოს მიერ დროულად შეფასდა რისკის ორივე კატეგორია და განისაზღვრა გადამტანის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების მოცულობა როგორც ჯანდაცვის ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრივ.
შემუშავდა და ხორციელდება ერთობლივი სადეზინსექციო სამუშაოების გეგმა, რომელიც სრულად დაფარავს კოღოს აქტივობის სეზონს – მაისიდან – ნოემბრის ბოლომდე. ღია სივრცეები და წყალსატევების დამუშავება სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ ხორციელდება ეკოლოგიურად უსაფრთხო პრეპარატებით, ე.წ. ,,ცივი ორთქლის“ მეთოდით. გაფრქვევა წარმოებს მოძრავი ,,სკაუტ 36“ აგრეგატით.
შენობა-ნაგებობები და სხვა დახურული სივრცეების დამუშავება სწარმოებს ასევე ეკოლოგიურად და ადამიანებისთვის უსაფრთხო სილფუტრინის ჯგუფის პრეპარატით ,,სოლფაკ ვპ10“, რომელიც საქართველოში აქტიურად გამოიყენება ბოლო 10 წელია. სადეზინსექციო სამუშაოებით მოხდება როგორც ზრდასრული, ასევე ღია წყალსატევებში ანოფელესის გვარის კოღოების მატლების პოპულაციის მნიშვნელოვანი შემცირება.
გეგმის მიხედვით განსაზღვრულია შენობა-ნაგებობების ორჯერადი დამუშავება მაისი-ივნისის და აგვისტო-სექტემბრის თვეებში, რაც პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობიდან გამომდინარე მოგვცემს საშუალებას პრაქტიკულად სრულად დაიფაროს კოღოს აქტივობისა და გამრავლების პერიოდი.
ამგვარად, სადეზინსექციო სამუშაოები ჩატარდება ანაკლიიდან სარფამდე შავიზღვისპირა ზოლში 3 500 000 მ2 შენობა-ნაგებობები დამუშავდება ორჯერადად (სულ 7 000 000 მ2 ) და 1000-1000 ჰექტარი ღია წყალსატევები და ტყისპირა ზოლები. ამჟამად სადეზინსექციო სამუშაოები უკვე დაწყებულია ქ. ფოთში და მიმდებარე ტერიტორებზე.
პრევენციისთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხრივ გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:
იზრუნეთ თქვენს საცხოვრებელ ტერიტორიებზე და არ დაუშვათ კოღოს გამრავლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა:
- წყლის შესანახი კონტეინერები იქონიეთ თავდახურულ მდგომარეობაში ან დაცალეთ და გაწმინდეთ;
- არ დაუშვათ ტბორებისა და გუბურების წარმოქმნა;
- ეცადეთ ღია გარემოში არ შეინახოთ საბურავები ან სხვა მოცულობები – წყლის დაგუბების რისკის გამო;
მოგზაურობის მსურველთ უნდა გაითვალისწინონ:
- ორსულობის ნებისმიერ ტრიმესტრში, უნდა მოხდეს მოგზაურობის გადადება იმ ქვეყნებში სადაც დაფიქსირებულია ვირუსის გავრცელება.
- იმ ორსულებმა ვისთვისაც სავალდებულოა ჩამოთვლილ ქვეყნებში მოგზაურობა, უნდა მიმართონ ექიმს ან ჯანმრთელობის მომსახურების სხვა მიმწოდებელს, რომელიც მიაწვდის კონკრეტულ რეკომენდაციებს მოგზაურობისას კოღოს ნაკბენისგან თავის დაცვის შესახებ.
- ასევე იმ ქალებმაც, რომლებიც გეგმავენ ორსულობასა და მოგზაურობას, სასურველია მიიღონ რეკომენდაცია ექიმისგან, კოღოს ნაკბენისგან თავის დაცვის შესახებ.
მოგზაურებს ეძლევათ მკაცრი რეკომენდაცია – დაიცვან თავი კოღოს კბენისგან.
- ჩაიცვან გრძელმკლავიანი მაისურები, და გრძელი შარვლები.
- გამოიყენონ EPA-რეგისტრირებული რეპელენტები, რომლებიც შეიცავენ: DEET, პიკარდინს, ლიმონ ევკალიპტის ზეთს (OLE), ან IR3535
- რეპელენტი ყოველთვის გამოყენებული უნდა იქნას თანმხლები წესების მიხედვით.
- რეპელენტები, რომლებიც შეიცავენ DEET, პიკარდინს და IR3535 უსაფრთხოა ორსულთათვის, მეძუძურთათვის და ბავშვებისთვის ორი თვის ზემოთ ასაკში, თუ გამოყენება მითითებულია პროდუქციის ეტიკეტზე.
- ლიმონ ევკალიპტის ზეთის შემცველი პროდუქციის გამოყენება არ შეიძლება სამ წლამდე ასაკის ბავშვებში.
- გამოიყენეთ რეპელენტებით დამუშავებული კარვები და ტანსაცმელი (ფეხსაცმელი, შარვალი, წინდები)
- ღამის გასათევად ისარგებლეთ კონდიცირების მქონე ოთახებით.