მთავარი » ჯანდაცვა » პლასტიკური ქირურგი გია გვარამია: ჩვენი კლინიკის შემოსავლები 30%-ით  შემცირდა

პლასტიკური ქირურგი გია გვარამია: ჩვენი კლინიკის შემოსავლები 30%-ით  შემცირდა

პლასტიკური ქირურგი, რომელმაც საქართველოში ესთეტიკური მედიცინის პირველი ცენტრი დააარსა, “ბიზნესპარტნიორის“ კითხვებს პასუხობს.

როგორც გია გვარამია  განმარტავს, პანდემია ისევე როგორც ბიზნესის ყველა სექტორს, ესთეტიკური მედიცინის ბიზნესსაც შეეხო. კერძოდ, საზოგადოება ერიდება სამედიცინო დაწესებულებაში მისვლას თუ ეს გადაუდებელი აუცილებლობა არ არის. შესაბამისად, „გია გვარამიას ესთეტიკური მედიცინის ცენტრს“ შემოსავლები პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 20-30%-ით შეუმცირდა.

„ჩვენი სერვისი არ არის გადაუდებელი, ამის გადავადება შესაძლებელია ნებისმიერი ვადით, მარტივად იღებენ ამიტომ გადაწყვეტილებას, რომ შეიკავონ თავი, სანამ პანდემიაა. მეორე მომენტია ის, რომ ჩვენ სრულად დამოკიდებულები ვართ პაციენტის გადახდისუნარიანობაზე, ანუ არ ვართ ბიუჯეტური დაფინანსებით. ამიტომ, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები დგება, ეს თავისთავად ჩვენს მუშაობაზეც აისახება,“ – აცხადებს გვარამია.

მისი განცხადებით, რაც უფრო მაღალფასიანია პროცედურა, მით უფრო მეტია თავშეკავება და მოცდა. გარდა ამისა, თუ წლების განმავლობაში ცენტრს საკმაოდ ბევრი უცხოელი აკითხავდა პროცედურებისთვის, ახლა ეს კატეგორია თითქმის არ არის, მხოლოდ რამდენიმე კვირაა გამოცოცხლება შეინიშნება. როგორც გვარამია აცხადებს, ესთეტიკის ცენტრს აქტიურად სტუმრობდნენ პაციენტები რუსეთიდან, ისრაელიდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

„პლასტიკურ ქირურგიაში პანდემიის მიუხედავად მოთხოვნადია მკერდის ოპერაცია (გადიდება, დაპატარავება), ცხვირის ოპერაცია, ლიპოსაქცია. შემდეგ მოდის სახის სხვადასხვა ოპერაციები, მუცლის პლასტიკა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ბოტოქსით პროცედურებს, ცოტა პარადოქსულია, მაგრამ ლოქდაუნების დროს საკმაოდ მოთხოვნადი იყო ტუჩების გადიდება, ნაოჭების გასწორება და ასე შემდეგ. ახლა ეს მოთხოვნა დასტაბილურდა,“-აცხადებს გვარამია.

პლასტიკური მედიცინა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, უმაღლეს დონეზეა განვითარებული და ყოველწლიურად ქვეყნებს ამ მიზნით ათასობით ტურისტი სტუმრობს. კითხვაზე,სხვა ქვეყნებთან შედარებით ვართ თუ არა კონკურენტუნარიანები, გვარამია აცხადებს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით კონკურენტუნარიანები  იმ ხარისხისა და დაბალი ფასის გამო ვართ, რომელიც გვაქვს.

გვარამია აცხადებს, რომ  აქ ყველა ოპერაცია, საკმაოდ მაღალი ხარისხით კეთდება, როგორც ეს საზღვარგარეთის შემთხვევაშია. „საქართველოში ფასი  გაცილებით დაბალია, თან ვმუშაობთ ზუსტად იმ მასალით, რა მასალითაც მუშაობენ საზღვარგარეთ,”-აცხადებს გვარამია.

 

იხილეთ ასევე

გართულებული ეპიდვითარების გამო, თბილისსა და ქუთაისში დამატებითი კოვიდსასტუმროები ამოქმედდა

საქართველოში კოვიდსასტუმროების რაოდენობა ორით გაიზარდა. თითო-თითო ასეთი დაწესებულება დამატებით თბილისსა და ქუთაისში ამოქმედდა. მიზეზი ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური …