მთავარი » მსოფლიო » თითოეული ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში კორონავირუსს მინიმუმ ორჯერ გადაიტანს

თითოეული ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში კორონავირუსს მინიმუმ ორჯერ გადაიტანს

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები მცირდება.  შემთხვევების ჯამურმა რაოდენობამ უკვე ნახევარი მილიარდი შეადგინა, 6,2 მილიონი ადამიანი კი ვირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა. ამასთან, 56 ქვეყანაში დაავადების გავრცელების მასშტაბები 2-დან 300%-მდე გაიზარდა.

კოვიდ 19-ის გლობალური შემთხვევების შემცირების ფონზე სულ უფრო მეტი ცნობა ვრცელდება ვირუსის გადატანის შემდგომ გართულებებზე და განმეორებით დაინფიცირებაზე. ჩნდება მონაცემები, რომ ადამიანები შესაძლოა დროის მოკლე მონაკვეთში დაინფიცირდნენ. ასევე დასტურდება ვირუსის ნეგატიური გავლენა ადამიანის იმუნურ სისტემაზე. მაგალითად, ესპანეთში 31 წლის მედიკოსი კორონავირუსით ორჯერ, 20 დღის ინტერვალით დაავადდა. ესაა დღემდე ცნობილი ყველაზე მოკლე პერიოდი ორჯერ დაინფიცირებას შორის.

ესპანელმა მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს პაციენტის ტესტები და დაადგინეს, რომ ქალი ორი სხვადასხვა ვარიანტით დაინფიცირდა – „დელტათი“ დეკემბრის ბოლოს და „ომიკრონით“ იანვარში. ზოგადად, მეცნიერების პროგნოზით, ყველა ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში კორონავირუსით მინიმუმ ორჯერ, თუმცა უფრო ხშირ შემთხვევებში სამჯერ და მეტჯერ დაინფიცირდება.

კორონავირუსის ყველაზე ხანგრძლივი მიმდინარეობის ფაქტი კი ბრიტანეთში დაფიქსირდა, სადაც ექიმებმა განაცხადეს შემთხვევის შესახებ, როცა პაციენტი კორონავირუსით 505 დღის განმავლობაში იყო ინფიცირებული. სამწუხაროდ, პაციენტმა ვერ გადაიტანა დაავადება და 2021 წელს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი მკურნალი ექიმების განცხადებით, მსგავსი შემთხვევები იშვიათად ხდება, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ამ პაციენტს სხვა ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და მისი იმუნური სისტემა მკვეთრად იყო გაუარესებული.

პოსტკოვიდურ გართულებებს შორის ასევე სახელდება ალერგიული რეაქციები კანზე, რაც ალერგიული დერმატიტის და სხვა ფორმებით ვლინდება, ამასთან, პოსტკოვიდური ალერგიული რეაქციების თავისებურება ისაა, რომ ის რთულად ექვემდებარება მკურნალობას და ორგანიზმში დიდხანს რჩება.

ამ ყველაფრის ფონზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში არ დასრულებულა. ორგანიზაციის ინფორმაციით, წინა კვირასთან შედარებით, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების შემთხვევები 24%-ით შემცირდა, სიკვდილიანობა კი 12%-ით. თუმცა 56 ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მაჩვენებლები იზრდება. მათ შორის  ინდოეთში, ჩერნოგორიაში, ეგვიპტეში, ჩინეთში და სხვაგან.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …