მთელი მსოფლიოს თვალში ჩინეთი სულ უფრო ხშირად განიხილება სხვადასხვა მიმართულებით განვითარების მოდელად.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, რომელიც ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა განთავსებული, მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულმა და სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანამ შეძლო საკუთარი მდგრადი ეკონომიკური ზრდის გამოყენება იმისთვის, რომ მოსახლეობა სიღარიბიდან გამოეყვანა. მან ასევე მიაღწია შთამბეჭდავ შედეგებს მოსახლეობის ჯანმრთელობის საფრთხეების შემცირების კუთხით.
პროფესიონალი ექიმების, ტრადიციული ჩინური მედიცინის, სანიტარული ინსპექტორების და სხვა მედპერსონალის დახმარებით ჩინეთმა, დანარჩენ მსოფლიოზე ოცი წლით ადრე შეძლო ყვავილის ინფექციის ლიკვიდაცია. მანამდე, ვიდრე ქვეყანაში ყვავილის უკანასკნელი შემთხვევა დაფიქსირდებოდა, ჩინეთში 500 მილიონზე მეტი ადამიანის ვაქცინაცია ჩატარდა.
ამის შემდეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ჩამოყალიბდა ასეთი მიდგომა: თუ ჩინეთი რამის გაკეთებას გადაწყვეტს, ის ამას აუცილებლად გააკეთებს.
„ჯანმო“ ასევე წერს, რომ ათი წლის განმავლობაში ჩინეთმა მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა: 2003 წელს, როდესაც ქვეყანაში მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (ე.წ. ატიპიური პნევმონია) გავრცელდა, ჩინეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები მკვეთრი კრიტიკის საგანი გახდა. ე.წ. ჩიტის გრიპის გავრცელების დროს, ჩინეთმა უმაღლესი კლასის ზომები მიიღო, რამაც მის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მადლიერება გამოიწვია. კიდევ ერთი ინფექცია, რომელიც ჩინეთმა მსოფლიოში ერთერთმა პირველმა დაამარცხა, პოლიომელითია. მსოფლიოში ამ დაავადების აღმოფხვრის პროგრამის შესახებ ჯანმომ 1988 წელს განაცხადა. 1994 წელს ამ დაავადებისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადდა აშშ, 2000-ში კი ჩინეთი. ევროპა ამ სტატუსს მხოლოდ 2002 წელს შეუერთდა, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია კი 2014-ში.
ჩინეთმა შექმნა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის მსოფლიოს მასშტაბით უმსხვილესი ელექტრონული სისტემა, რომელიც რეალური დროის რეჟიმში მუშაობს. ეს სისტემა გახდა იმის დემონსტრირება, როგორ შეიძლება მოხდეს ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ამომწურავი და გამჭვირვალე ინფორმაციის მყისიერი გადაცემა.
ჩინელი მეცნიერები და ეპიდემიოლოგები ოპერატიულად აქვეყნებენ საკუთარ მოხსენებებს ყველაზე პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ სახელმწიფოს აქვს მსოფლიო დონის სამეცნიერო პოტენციალი.
რაც შეეხება იმ ჩინურ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომელთა ვაქცინებიც კოვიდ-19-თან ბრძოლაში ჩაერთვნენ. პირველი ჩინური ვაქცინა, რომელმაც ჯანმოს ავტორიზაცია მიიღო, „სინოფარმია.“
Sinopharm Group-ი არის ჩინეთის ერთერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ქვეყნის ფარმაცევტული კომპანიების „დიდ სამეულში“ შედის. მისი შტაბ-ბინა შანხაიშია განთავსებული. ის 2003 წელს დაარსდა, 2009-ში კი მისი აქციები ჰონგკონგის საფონდო მირჟაზე გამოჩნდა.
2013 წელს Sinopharm Group-ის ბიოლოგიური პრეპარატების ინსტიტუტმა შექმნა ვაქცინა ბე ჯგუფის ენცეფალიტის წინააღმდეგ. რაც შეეხება კომპანიის მიერ შექმნილ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას, მან კვლევების მესამე ფაზა არგენტინაში, ბახრეინში, ეგვიპტეში, მაროკოში, პაკისტანში, პერუსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაიარა და 60 ათასზე მეტი ადამიანი მოიცვა.
9 დეკემბერს არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა აღნიშნული პრეპარატის კვლევის მესამე ფაზის შედეგების შესახებ განაცხადა. კვლევების თანახმად, ვაქცინის ეფექტურობა COVID-19-ის წინააღმდეგ 86%-ია. დეკემბრის ბოლოს თავად Sinopharm-მა განაცხადა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 79%-ია. მართალია, Pfizer – BioNTech-ის პრეპარატის ეფექტიანობა უფრო მაღალია და 90%-ს აჭარბებს, თუმცა მის შენახვის უფრო რთული პირობები გამოარჩევს – მას ღრმა გაყინვის მოწყობილობები ესაჭიროება, რის გამო არაერთ ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატის მიღება და გამოყენება ვერ ხერხდება.
საინტერესოა კიდევ ერთი ჩინური ბიოფამრაცევტული კომპანიის ისტორიაც – Sinovac Biotech-ი სპეციალიზდება სხვადასხვა ინფექციისგან დამცავი ვაქცინების შექმნაზე, წარმოებასა და კომერციალიზაციაზე. კერძოდ, კომპანიის პორტფელშია ისეთი დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინები, როგორიცაა ა ჰეპატიტი, გრიპი, მათ შორის H1N1 (ე.წ. ღორის გრიპი).
Sinovac-ი ამ ეტაპზე სხვა ვაქცინებზეც მუშაობს, მათ შორისაა პრეპარატები ენტეროვირუსი-71-სა და ცოფის წინააღმდეგ.
ისევე როგორც „სინოფარმის,“ „სინოვაკის“ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის შენახვის პირობებიც ხელსაყრელია და გრიპის ვაქცინის შენახვის პირობების ანალოგიურია – მისთვის საკმარისია 2-8 გრადუსიანი მაცივრების ქონა.
რაც შეეხება ვაქცინის ეფექტიანობას, მილიონ ჩილელზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მისი ეფექტიანობა სიმპტომების მიმართ67%-ია, ჰოსპიტალიზაციის მაჩენებელს ის 85%-ით ამცირებს, გარდაცვალების რისკს კი 80%-ით.
ინდონეზიაში ჩატარებულმა ცდებმა კი უფრო მაღალი ეფექტიანობა დაადასტურა – კვლევების თანახმად, ვაქცინირებული ადამიანი ინფექციის სიმპტომებისგან 94%-თაა დაცული.
თუმცა ჩინელი მეცნიერები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ – მათი თქმით, ისინი ქმნიან ვაქცინას, რომელიც კორონავირუსის სხვადასხვა მუტაციის შემთხვევაში იქნება ეფექტიანი.
ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ახლა ჩინეთში კომპანიების Sinovac-ისა და Sinopharm-ის ინაქტივირებული ვაქცინები გამოიყენება, რაც ნაკლებ ეფექტიანია სამხრეთაფრიკული შტამის მიმართ, ახლა კი ჩინეთის სამეცნიერო ძალები მიმართულია იმ პრეპარატის შექმნისკენ, რომელიც მუტირებული ვირუსისგან თავდაცვის საშუალებას მოგვცემს.