მთავარი » ჯანდაცვა » ვის დაუფინანსებს სახელმწიფო ონკოლოგიის ხარჯებს?
მაღალ რისკებს, როგორიცაა ონკოლოგიური დაავადებები, სახელმწიფო თავის თავზე აიღებს და თავად დააფინანსებს, რაც კერძო დაზღვევის პაკეტებს არ გააძვირებს.

ვის დაუფინანსებს სახელმწიფო ონკოლოგიის ხარჯებს?

ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის ლაშა ნიკოლაძის განმარტებით, ონკოლოგიურ დაავადებაზე დაფინანსება მაღალი შემოსავლის მქონე პირებს აღარ ექნებათ.

ასეთებად ითვლებიან ინდივიდები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია.

“საშუალო შემოსავლიანებს დარჩებათ ქიმიოთერაპიაზე და ჰორმონოთერაპიაზე წვდომა, ისევე როგორც ჰქონდათ აქამდე, მიუხედავად დაზღვევის ქონა-არქონისა. ხოლო დანარჩენი კატეგორიებისა, ჰორმონოთერაპიასა და ქიმიოთერაპიასთან ერთად შეთავაზებული იქნება იგივე მასშტაბით სხივური თერაპია, მიუხედავად იმისა, შეიძენენ თუ არა ისინი დაზღვევას”,- აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.

ჯანდაცვის მინისტრმა დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, კერძო დაზღვევის მქონე პირებს აღარ შეეძლებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მიღება. ეს ძირითადად მაღალ და საშუალოშემოსავლიან პირებს შეეხებათ.

ამასთან, სპეციალურ ქვეკატეგორიას, რომელშიც პენსიონერები, 5-წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველები შედიან, სახელმწიფო პირველადი მედიკამენტების შეძენაში დაეხმარება.  

სადაზღვევო სფერო პროტესტს გამოთქვამდა, რომ ცვლილებები, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან კერძო დაზღვევის მქონე პირების გამოთიშვას გულისხმობდა, კერძო სადაზღვევო პაკეტებს გააძვირებდა, რამდენადაც გაყიდული პაკეტების უმეტესობა იყო ე.წ. შემავსებელი პაკეტი, რომელიც საყოველთაოსთან ერთად მუშაობდა.

ჯანდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ ყველაზე მაღალ რისკებს, როგორიცაა ონკოლოგიური დაავადებები, სახელმწიფო თავის თავზე აიღებს და თავად დააფინანსებს, რაც კერძო დაზღვევის პაკეტებს არ გააძვირებს.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …